ხეთური სამხედრო ფიცის რიტუალები
Resumen
ამ სტატიაში მოცემულია ხეთური სამხედრო ფიცის ტექსტების ქართული თარგმანი, რომელიც ლაროშის კატალოგში მოცემულია CTH 427, CTH 493 ნომრად. CTH 493 მსგავსია „პირველ სამხედრო ფიცისა“ (CTH 427) და უნდა მიეკუთვნებოდეს ფიცის კატეგორიას. თუმცა, ვინაიდან არც მეფე და არც ჯარის ფიცი არ არის მოხსენიებული, როგორც ეს იყო პირველ ფიცში, ამიტომ შეყვანილია ლაროშის კატალოგში რიტუალების ჩამონათვალში CTH 493 ნომრად. ალბათ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტექსტი დაზიანებულია და სავარაუდოდ სრულყოფილ ტექსტში იქნებოდა მოხსენიებული. CTH 493 ტექსტის შინაარსიდან და CTH 427-თან წყევლის ტექსტების მსგავსებიდან გამომდინარე ვფიქრობ, მაინც უნდა მივაკუთვნოთ ფიცის კატეგორიას.
ორივე ტექსტი თავისი შინაარსით ძალიან საინტერესოა და მსგავსია. CTH 427 ტექსტში არაერთგზისაა მოცემული რა ელოდება ფიცის დამრღვევს და ასევე მას ვინც ხათის მეფეს, მეფის ოჯახს ან ქვეყანას ცუდს გაუკეთებს. მოცემულია კონკრეტული ტექსტები ერთგვარი წყევლისა: დაბრმავდეს; დაყრუვდეს; ავადმყოფობით და ცუდი სიკვდილით აღესრულოს; ცვილივით გადნეს და ცხვრის ქონივით გათხევადდეს; მყესივით დანახშირდეს და მარილივით დანაწევრდეს; ძვალივით დაიფქვას, მოიხარშოს, დაინაყოს; ფეხით გაითელოს; შინაგადნად გასივდეს; ვერ გამრავლდეს; ფიცის დამრღვევი ადამიანი მისი სახელიან-ოჯახიანად, ხარებიან-ცხვრებიანად უნდა მოისპოს; გუთანი დაემსხვრეს და მის ნათესებზე ქერი და ხორბალი არ ამოვიდეს, სარეველამ იხაროს; მისი სიყმაწვილე და სიცოცხლე კეთილდღეობა ჩაქრეს და ღვთაებებისგან დაწყევლილი იყოს. ასევე საყურადღებოა ერთი მომენტიც, რომ ფიცის დამღვევი ღირსება აყრილიც უნდა იყოს, და ამისათვის მამაკაცური ატრიბუტიკა უნდა ჩამოერთვას და ქალად იქცეს. გამოაქვთ ჯარა და თითისტარი, ისრებს კი ამტვრევენ, კაცს ქალის სამოსით მოსავენ: „ამ ღვთაებათა ფიცმა კაცი ქალად აქციოს! მისი ჯარი ქალებად აქციოს! ქალივით შეიმოსონ და თავს ლეჩაქი დაიხურონ! მშვილდები, ისრები და იარაღები მათ ხელებში დაიმსხვრეს! ჯარა და თითისტარი კი მათ ხელებში დაიჭირონ!“[1]
CTH 493-შიც ფიცის დარღვევისთვის, მსგავსი ტიპის წყევლებია, კონკრეტულ სარიტუალო ქმედებებს შესაბამისი წყევლის ტექსტები მოყვება: მაგ.: წყალს ასხამენ მიწაზე, ანუ ფიცის გამტეხი წყალივით ასე უკვალოდ უნდა გაქრეს, შემდეგ ღვინოს ასხამენ, ანუ ეს ფიცის დამრღვევის სისხლია, რომელიც მიწამ უნდა შთანთქოს; შემდეგ ორივე სითხეს ერთმანეთში ურევენ, ანუ ასე უნდა აირიოს მისი სხეული დაავადებით; ქვას იღებენ, ანუ სნეულებამ ამ ქვასავით უნდა დაამძიმოს; თავს უნდა დაატყდეს ღვთაებების რისხვა; მათი თავის ქალები დაამსხვრიონ. თუმცა ისიც ნათქვამია, რომ თუკი ფიცს დაიცავენ ეს მათ საკეთილდრეოდ იქნება.
საძიებო სიტყვები: ასირიოლოგია; ხეთები; რიტუალი; ფიცი; სამხედრო ფიცი;











