იმპერიის პერიოდის ხეთი მეფეები და ისუვა

  • NINO CHAREKISHVILI საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) პროფესორი, დოქტორი, მის.: გორგასალის ქუჩა #101, თბილისი, საქართველო http://orcid.org/0000-0002-9568-2926

Resumen

სტატიაში განხილულია მცირე აზიის ერთ–ერთი პოლიტიკური ერთეული, ხეთებისთვის მუდმივ „მტრად“ მიჩნეული ისუვა.

ისუვა ხეთურ ლურსმულ წყაროებში ჩანს იმ პერიოდიდან, როცა ხეთების სამეფო, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად ძალიან იყო დასუსტებული. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ  მდ. ევფრატის აღმოსავლეთით ხეთების „მტრები“ გააქტიურებულიყვნენ. მათ შორის იყო „ისუვა მტერი“.

ჩატარებული ისტორიული ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ისუვა დაკავშირებულია იმპერიის პერიოდის  მმართველებთან, კერძოდ თუთხალია I/II-ის, არნუვანდა I-ის, თუთხალია III-ისა და სუფილულიუმა I-ის სახელებთან.

წერილობითი წყაროებიდან ჩანს, რომ ისუვა მძლავრი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ერთეული უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, ისუვას მართავდა უხუცესთა საბჭო, რომელიც მოგვიანებით მეფის ინსტიტუტს უნდა შეეცვალა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი იყო ქალაქ-სახელმწიფოს ტიპის პოლიტიკური ერთეული/გაერთიანება, რომელსაც ხეთებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს მხარე მათთვის არამარტო სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, არამედ მდიდარ ოლქსაც წარმოადგენდა. “ისუვა-მტერი” მუდამ ესხმოდა თავს ხეთებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში საომარი ოპერაციები ხეთების გამარჯვებებით სრულდებოდა. განსაკუთრებით ხეთების დასუსტების ხანაში გამოდის ისუვა პოლიტიკურ ასპარეზზე  და ცდილობს ხეთებს წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ უშედეგოდ.  ხეთებს ისუვა იოლად ვერ ეთმობოდათ. იგი ერთგვარ სასაზღვრო პოლიტიკურ ერთეულს  წარმოადგენდა, რომელიც ხეთებს მიჯნავდა სხვადასხვა მძლავრ სახელმწიფოებთან. ამიტომაც ვეხებით ყველა მეფის მოღვაწეობას, რომლებიც ისუვასთან იყვნენ გარკვეულ წილად კავშირში. ხეთი მეფეები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ისუვა ყოფილიყო მუდმივად მათი გავლენის ქვეშ. ხეთური წერილობითი წყაროებიც ამის დასტურია, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობდნენ ხეთები ისუვაზე ზეგავლენის მოპოვებას ან აღდგენას. ამის შემდეგ უკვე მათ გახსნილი ჰქონდათ გზა სხვა ძლიერი სახელმწიფოებისაკენ, როგორიც იყო  თუნდაც ხური-მითანი. ისუვა მოხსენიებულია არაერთ პოლიტიკურ ერთეულთან კავშირში: ქალასმასთან, თეგარამასთან და ფახუვასთან, ხაიასასთან, ასევე ლალხას მთასთან და ცუხალფასთან. არსებობს კიდევ ცალკეული ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური ერთეულები, რომლებიც ისუვას ემეზობლებოდა და მის გვერდით იხსენიება: თიმია, ცანცალია, ლილიმა, ვათარუშნა, თახისა, თახიშნა, მარარხა, ურიქა, ხინცუთა. რაც შეეხება კონკრეტულად ისუვას ქვეყნის საზღვრებს: ეს არის ფართო სივრცე დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე და შემოსაზღვრულია ჩრდილოეთით მდინარე არსანიათი (= მურად ნეჰრი), დასავლეთით და სამხრეთით-დასავლეთით ევფრატით, სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი ჯერჯერობით ზუსტად არაა ფიქსირებული, თუმცა შესაძლოა ისუვა აქ ზემო მესოპოტამიის დაბლობამდე აღწევდა და თითქმის ტიგროსის ზემო წელამდე განივრცობოდა. მოკლედ, ისუვას ძირითადი დასახლებები განლაგებული იყო ნაყოფიერ ვაკეზე, მდ. მურად სუს სამხრეთით (ხარფუთის დაბლობზე) და მდ. მურად სუს ჩრდილოეთით (დღ. ელაზიღის ტერიტორიაზე). ეს იყო ის ადგილი, რომლის გეოგრაფიული მდებარეობაც ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი იყო, რადგან შესაძლოა ისუვა მესოპოტამიასა და ცენტრალურ ანატოლიას შორის დამაკავშირებელ ერთგვარ ხიდსაც წარმოადგენდა.

საძიებო სიტყვები: ასირიოლოგია, ხეთები, ისუვა, თუთხალია I/II, თუთხალია III არნუვანდა I, სუფილულიუმა I.

Publicado
2021-07-01
Sección
სამეცნიერო სტატიები - მსოფლიო ისტორიის სექცია (ძველი ისტორია)

Artículos más leídos del mismo autor/a