ხეთების აღმოსავლეთ პერიფერიის პოლიტიკური ერთეულები „სუფილულიუმა–შათივაზას ხელშეკრულების“ მიხედვით
Resumen
„სუფილულიუმა-შათივაზას ხელშეკრულება“ მრავალმხრივ ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო დოკუმენტია. ჩვენს ინტერესს კი წარმოადგენს ამ დოკუმენტში მოხსენიებული გეოგრაფიული სახელები, რომლებიც ორჯერაა ჩამოთვლილი. ისინი განლაგებულნი იყვნენ ხეთების სამეფოს აღმოსავლეთ პერიფერიის საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე, მდ. ევფრატის ზემო და შუა დინების დასავლეთით. ამ გეოგრაფიული პუნქტების ჩამოთვლისას იკვეთება ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტი, ეს ტერიტორიები ჩამოთვლილია ჩრდილოეთიდან-სამხრეთისაკენ. დასახელებული პუნქტების ნაწილი სავარაუდოდ თეგარამამდე, უფრო ზუსტად „თეგარამას ქვეყნის ნახევრამდე“ მდებარეობდა, დაახლოებით თანამედროვე გიურუნ-მალათიის ხაზის ჩრდილოეთით, ხოლო მომდევნო პუნქტები კი მალათიის სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ესენია: ქურთალისა (URUKurtališša), არავანა (URUArau̯anna), ცაცისა (KURURUZaz(zi)ša), ქალასმა (KURURUKalašma), თიმნა (KURURUTimna), ხალივას მთა (ḪUR.SAGḪaliu̯a), ქარნას მთა (ḪUR.SAGKarna), დურმითა (URUTurmitta), ალხა (KURURUAlḫa), ხურმა (KURURUḪurma), ხარანას მთა (ḪUR.SAGḪarana), თეგარამა (KURURUTegarama), თეფურცია (URUTepurzya), ხაცგა (URUḪazga), არმათანა (KURURUArmatana). სტატიაში წარმოდგენილია თითოეულის მიმოხილვა ცალ-ცალკე. ასევე გამოიკვეთა ისიც, რომ მათი ნაწილი შედიოდა ზემო ქვეყანაში, ნაწილი კი ზემო ქვეყანასთან ახლოს (დღ. ერზინჯანის ტერიტორიაზე), ქასქების ქვეყნის სასაზღვრო რაიონებთან მდებარეობდა. აქედან გამომდინარე დასაშვებია, რომ ისინი გარკვეულწილად დაკავშირებულნი ყოფილიყვნენ ქასქებთან, ან სულაც შესაძლებელია ეს დასახლებები ქასქურიც კი ყოფილიყო.
საძიებო სიტყვები: ასირიოლოგია, ხეთოლოგია, ძველი ანატოლია, ხეთები, გეოგრაფია, ტოპონიმები, სუფილულიუმა, შათივაზა, ხელშეკრულება.











