რიცხვთა და ფერთა სიმბოლიკა ხეთურ და ძველ ქართულ სამყაროში
Resumen
ძველ აღმოსავლეთში ძალიან ხშირად ვხვდებით რიცხვთა და ფერთა სიმბოლიკას, ბუნებრივია არც ხეთური და არც ძველი ქართული სამყაროა გამონაკლისი, სადაც განსაკუთრებით, რიტუალებსა და შელოცვებში ხშირად ფიგურირებს რიცხვები და ფერები.
საინტერესოა ქართულ შელოცვებში მაგალითად, რიცხვების განაწილების ერთგვარი კანონზომიერება: ადამიანის ჯანმრთელობისადმი განკუთვნილ შელოცვებში ჭარბობს საკრალური რიცხვი სამი, სამეურნეო სახის შელოცვებში - ცხრა, ხოლო ბატონების შელოცვებში - შვიდი. მნიშვნელოვან სიდიდეებად იყო მიჩნეული სამი და ოთხი. სამი სისავსის, სრულყოფილების სიმბოლოა. სამთანაა დაკავშირებული: სამყაროს განაწილება სამ განზომილებად (ზესკნელი-შუასკნელი-ქვესკნელი); ასევე დაბადება-სიცოცხლე-სიკვდილი; ადამიანი (სხეული-სული-გული); დროის სამი განზომილება (წარსული-აწმყო-მომავალი); სივრცის სამი განზომილება (სიგრძე-სიგანე-სიმაღლე); ნივთიერების სამი მდგომარეობა (მყარი-თხევადი-აირადი) და ა.შ. ოთხი მთლიანობის, სტაბილურობის, უძრაობის, ჯვრის სიმბოლოა. ოთხთანაა დაკავშირებული: სამყაროს ოთხი ელემენტი, სამყაროს ოთხი მხარე, ოთხი სტიქია, წელიწადის ოთხი დრო, ოთხი მიმართულების ქარი და ა.შ. სამი და ოთხი ჯამში ახალ საკრალურ სიდიდეს, შვიდს ქმნის. მას მაგიურ რიცხვს უწოდებენ. იგი ყოველთვის გამოხატავს ერთიანი სამყაროს იდეას. მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა ცხრას და თორმეტს. როგორც ხეთურ, ისევე როგორც ქართულ მითოლოგიაში მაგალითად გვხვდება ცხრა ზეცა, ცხრა მთა, ცხრა ზღვა. თორმეტი ასახავს კოსმიურ წესრიგს. ხეთები მსხვერპლშეწირვის დროს დიდ ყურადღებას აქცევდნენ მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლის (ხარი, ცხვარი და სხვ.), ასევე სპეციალურად გამომცხვარი პურების რაოდენობას. ასევე იყო ძველ ქართულ ტრადიციაშიც მსხვერპლშესაწირი კონკრეტული რაოდენობის უნდა ყოფილიყო.
ძველ აღმოსავლეთში, მათ შორის ხეთებთან და ძველ ქართულ რწმენა-წარმოდგენებშიც ფერთა სიმბოლიკას უდიდესი დატვირთვა ჰქონდა, სადაც დომინანტი იყო ძირითადად სამი ფერი: თეთრი, წითელი და შავი. თეთრი ფერი იყო სიმბოლო ზეცის, სინათლისა, კეთილისმყოფობისა, სიცოცხლისა, ბედნიერებისა, თავისუფლებისა, სამოთხისა. შავი პირიქით – ღამის, სიბნელის, სიკვდილის, ჯოჯოხეთის, შესაბამისად გამოხატავდა ღალატს, მწუხარებას, გლოვას, უბედურებას, ბოროტებას, ყოველგვარ ცუდს. წითელი ფერი - მიწიერი სამყარო; ერთი მხრივ, სიცოცხლისა და აღორძინების, ხოლო, მეორე მხრივ, ავადმყოფობის ფერიცაა. ამ ფერებმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა შელოცვებსა და მაგიურ ქმედებებში. როგორც ხეთურ, ასევე ძველ ქართულ რიტუალებსა და მაგიურ შელოცვებში. დროთა განმავლობაში ამ ფერების გარდა დანარჩენმა ფერებმაც მიიღო რელიგიური, სამკურნალო, მაგიური ხასიათი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამსხვერპლო ცხოველის ფერს, რიტუალის დროს ტანსაცმლის, ინვენტარის და სხვა საჭირო ნივთების ფერებსაც. ხეთებთან შავი ფერის მსხვერპლი დაკავშირებულია ქვესკნელთან და ქვესკნელის ღვთაებებთან, თეთრი კი ზესკნელთან და ზესკნელის ზღვთაებებთან. ანალოგიურადაა ქართულ მითოლოგიასა და რიტუალებშიც. ლურჯი ფერი რიტუალებსა და შელოცვებში სხვა ფერებთან შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინცაა ნახსენები. ლურჯი ფერი ძველ ქართულ შელოცვებშიც ფიგურირებს, მაგალითად, ძველად, საქართველოში შაკიკით დაავადების შემთხვევაში ლურჯ ქაღალდზე დაწერილ შელოცვას შემოახვევდნენ ავადმყოფს თავზე. ხეთებიც თავის ტკივილის შემთხვევაში იყენებდნენ ლურჯ მატყლს. ხეთურ რიტუალებში და შელოცვებში იშვიათად ვხდებით მწვანე და ყვითელ ფერს. მწვანე ფერი ქართულ შელოცვებში გადადის ყვითელ ფერში, ამით დაავადების და სიცოცხლის მილევა, ჭკნობაა გადმოცემული. ზემოთ მოყვანილი ფერები, შელოცვებსა და რიტუალებში სხვადასხვა კომბინაციაში გვხდება. საერთოდ კომბინაციებში ხუთამდე ფერია გამოყენებული. კერძოდ კომბინაციები: თეთრი და შავი - სიწმინდე და უწმინდურობა, წითელი და შავი - სიცოცხლე და სიკვდილი, შავი და ყვითელი - მოჯადოება და ა.შ.
რიცხვთა და ფერთა სიმბოლიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ხეთურ ასევე უძველეს ქართულ რწმენა-წარმოდგენებში, რიტუალებში, შელოცვებში. მთელ რიგ შემთხვევებში კი თვალში საცემია ამ ორ სამყაროს შორის არსებული მსგავსი წარმოდგენები, ანალოგიური მნიშვნელობები, სიმბოლური დატვირთვა, რომელიც ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული კავშირების შედეგი უნდა იყოს.
საძიებო სიტყვები: ხეთები, ძველი აღმოსავლეთი, უძველესი ქართული სამყარო, სიმბოლიკა, ფერი, რიცხვი.











