მაღალი და დაბალი რანგის მცველები ხეთებთან „მცველთა ინსტრუქციის (LÚ.MEŠMEŠEDI)“ მიხედვით

  • NINO CHAREKISHVILI საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) პროფესორი, დოქტორი, მის.: გორგასალის ქუჩა #101, თბილისი, საქართველო http://orcid.org/0000-0002-9568-2926

Resumen

ხეთების სამეფოში სხვადასხვა თანამდებობები არსებობდა. ტექსტებში გვხდება როგორც მაღალი, ასევე დაბალი რანგის თანამდებობის პირებიც. ქვეყნის მოხელეების უმრავლესობას მეფესთან განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ და უშუალოდ ანგარიშვალდებულნი იყვნენ მის წინაშე. მათი ურთიერთობა მეფესთან  ხელშეკრულებებით ან მითითებებით რეგულირდებოდა, რომლებიც  მათ ოფიციალურ მოვალეობებსა და ვალდებულებებს ასახავდა. ამ სტატიაში „მცველთა ინსტრუქციის (LÚ.MEŠMEŠEDI)“ მიხედვით, სასახლის კარზე მომსახურე მრავალფეროვან მოხელეთა შორის, განსაკუთრებით  ყურადღება გამახვილებულია მცველებზე. მთელი სამეფო კარის დაცვის ორგანიზება მათ ხელში იყო და არა მარტო სამეფო დაცვის, არამედ სხვა ფუნქციებსაც ითავსებდნენ. სასახლის კარზე მცველთა უფროსს (GAL MEŠEDI), მცველთა ათმეთაურს (UGULA 10 MEŠEDI) და რიგით მცველებს (MEŠEDI) მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. განსაკუთრებით გამორჩეულია მცველთა უფროსის (GAL MEŠEDI)  თანამდებობა, რომელიც სასახლის კარზე საპატიოდ ითვლებოდა და როგორც ჩანს, უკვე ხეთური სახელმწიფოს ადრეული დროიდან არსებობდა.  ამ ტერმინის შესაბამისი ხეთური სიტყვა არ გვაქვს. ის იყო ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა მეფის, დედოფლისა და მეფისნაცვლის შემდეგ. მას ჰქონდა ადმინისტრაციული, სამხედრო, საკულტო-სარიტუალო ფუნქციები. ამ თანამდებობას ძირითადად იკავებდნენ მეფის ძმები ან ოჯახის წევრები. მცველთა უფროსის თანამდებობა გამეფებამდე ეკავათ შემდგომში დიდ მეფეებს, მაგ.: მუვათალი I-ს, მურსილი II-ს, ხათუსილი III-ს, თუთხალია IV-ს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაცვის ორგანიზაცია ხეთებთან საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა, რაც გამოიხატება სასახლის შიგნით თუ გარეთ მეფის დაცვაში, ასევე თავად სასახლის შიდა და გარე პერიმეტრის ყოველდღიურ დაცვაში და სხვ., შესაბამისად მცველთა მოვალეობებიც მრავალფეროვანია. მაღალი რანგის მცველები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდნენ მეფის ადმინისტრაციაში და მათი საქმიანობა როგორც სხვა ტექსტებიდანაც ირკვევა არ იყო მხოლოდ ადმინისტრაციული, მათ სამხედრო და საკულტო მოვალეობებიც გააჩნდათ. ასე რომ, მცველებს სასახლის კარზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ. მცველთა უფროსი (GAL MEŠEDI) კი სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან შედარებით უფრო გავლენიანი პირი იყო და აქედან გამომდინარე, ალბათ მეტი პრივილეგიებითაც სარგებლობდა.

სტატიაში წარმოდგენილია „მცველთა ინსტრუქციის (LÚ.MEŠMEŠEDI)“ მიხედვით მცველთა იერარქია, რანგის მიხედვით მათი უფლება-მოვალეობები, ფუნქციები, მათთვის დადგენილი წესები და აკრძალვები. ასევე წარმოვადგინეთ სავარაუდო სქემა, ანუ ესაა რეკონსტრუქციის მცდელობა, სადაც მოცემულია მეფის საზეიმო მსვლელობისას მაღალი და დაბალი რანგის პირების სავარაუდო განლაგება ეტლთან მიმართებაში (ეტლის წინ და უკან, ეტლის მარჯვენა და მარცხენა გვერდზე).

 საძიებო სიტყვები: ასირიოლოგია, ხეთები, ინსტრუქცია, მეშედი, მცველი.

Publicado
2021-07-01
Sección
სამეცნიერო სტატიები - მსოფლიო ისტორიის სექცია (ძველი ისტორია)

Artículos más leídos del mismo autor/a