შუა ასურული კანონები
Resumen
შუა ასურული კანონები (MAL[1]) წარმოადგენს კანონების კრებულს, რომელიც შედგენილია ძველი მესოპოტამიის ლურსმული დამწერლობის სისტემით. დოკუმენტები დაწერილია აქადურ ენაზე შუა ასურული დიალექტით. შუა ასურული კანონები თარიღდება ქ.წ. 1450-დან 1250 წლებით. ის ძალიან ჰგავს შუმერულ და ბაბილონურ სამართალს, თუმცა დანაშაულისთვის სასჯელები ამ შემთხვევაში უფრო სასტიკი იყო.
შუა ასურული კანონები შემორჩენილია რამდენიმე თიხის ფირფიტის სახით. ჩვენამდე მოღწეული ფირფიტები არ არის ორიგინალი დოკუმენტები, არამედ ასლებია, რომლებიც მიეკუთვნება ძვ.წ. XII-XI საუკუნეს. არსებული ასლები, როგორც ჩანს, რედაქტირებულია ასურეთის მეფის ტიგლათფილესერ I-ის (დაახლოებით ქ.წ. 1114–1076 წლები) მეფობის დროს. შუა ასურული კანონები, შესაძლოა, შეგროვდა ან მისი სამეფო ბიბლიოთეკისთვის, ან ცალკეული მწიგნობართა ბიბლიოთეკებისთვის. ტექსტები აღმოაჩინა გერმანულმა აღმოსავლურმა საზოგადოებამ ჩრდილოეთ ერაყში 1903-1914 წლების გათხრების დროს.
შუა ასურული კანონების თითოეული ფირფიტა წარმოდგენილია მხოლოდ ერთი წყაროს სახით და აღნიშნულია ლათინური ასოებით A-დან O-მდე. ჩვენ გვაქვს კანონის დებულებების შემცველი ფირფიტების სერია და არა ერთიანი, სისტემატური, რეკონსტრუირებული კომპოზიცია. ზოგიერთი ფირფიტა, როგორც ჩანს, აღწერს კანონებს, რომლებიც ეხება ერთ ან რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ საკითხს, ყველაზე კარგადაა შემონახული MAL A. მის ორმოცდაცხრა დებულებაში კონკრეტული სიტუაციებია მოცემული მოიცავს სამართლებრივი სფეროს მთელ სპექტრს: ქურდობას, მკრეხელობას, სხეულის დაზიანებასა და თავდასხმას, სექსუალურ ძალადობასა და სექსუალურ დანაშაულებს, აბორტს, მკვლელობას, ცრუ ბრალდებებს, მემკვიდრეობას, ქორწინებასა და მეუღლეთა ქონებას, თავშლის ტარებას, ჯადოქრობას, გირაოსა და ვალებს. უფრო კონკრეტულად შეიძლება ასე დავყოთ:
- ქალის ქონებრივი უფლებები და მემკვიდრეობა:
- ქვრივის ქონებრივი უფლებები: 25, 26, 28, 46;
- მზითევი და ქორწინების შემდგომი ქონება: 27, 29;
- საქორწინო საჩუქრები: 30, 31, 42, 43;
- მეუღლეთა საკუთრება: 35;
- ქალის სტატუსი ქორწინებაში და განქორწინება:
- ქალის პასუხისმგებლობა: 32;
- ქვრივის სტატუსის განსაზღვრა: 33, 34;
- ქმრის მიერ მიტოვებული ცოლი: 36;
- განქორწინება: 37, 38;
III. ქალის მიერ ჩადენილი დანაშაულები და მათთვის დაწესებული სასჯელები:
- ქურდობა: 1, 3, 5;
- მკრეხელობა: 2;
- აგრესია და ძალადობა: 7, 8;
- ღალატი: 13;
- აბორტი: 53;
- ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულები და მათთვის დაწესებული სასჯელები:
- აგრესია და ძალადობა ქალის მიმართ: 9;
- გაუპატიურება: 12, 55, 56;
- ორსული ქალისთვის ზიანის მიყენება: 21, 50, 51, 52;
- სხვა საკითხები, რომლებიც ეხება ქალებს:
- არათავისუფალი ქალის სტატუსი: 4, 39, 48;
- ქალის ქცევა საჯარო სივრცეში: 40;
- ხარჭის სტატუსი: 41;
- მესამე პირების ჩარევა ოჯახურ ურთიერთობებში: 6, 10, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 22, 23, 24;
- ოჯახური ვალდებულებები: 28, 44, 45, 47;
- სხვა ფრაგმენტული ჩანაწერები: 49, 57, 58, 59.
MAL B-ს ოცი დებულება მოიცავს სიტუაციებს, რომლებიც ეხება მემკვიდრეობას და სოფლის მეურნეობასა და ირიგაციას. MAL C+G-ს აქვს თერთმეტი დებულება, რომლებიც ძირითადად ეხება გირაოსა და დეპოზიტებს. დანარჩენი ფირფიტები, რომლებიც უფრო მცირეა და ნაკლებად კარგად არის შემონახული, ეხება: ქურდობას, მწყემსების პასუხისმგებლობებს, საზღვაო მიმოსვლის წესებს, მკრეხელობას, ცრუ ბრალდებებს, მემკვიდრეობს, ირიგაციას.
საძიებო სიტყვები: ასირიოლოგია, მესოპოტამია, ასურეთი, კანონები, შუა ასურული კანონები (MAL), ტიგლათფილესერ I.
[1] Middle Assyrian Laws - MAL











