ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები და სერგი მაკალათია
Resumen
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ერთ-ერთმა პირველმა კურსდამთავრებულმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სერგი მაკალათიამ (1893-1974) უზარმაზარი წვლილი შეიტანა საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესწავლაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პუბლიკაციები ექსპედიციების შედეგად შეგროვილი მასალის სახით რომ დაუტოვა შთამომავლობას. ისტორიული თხზულებების გარდა, მან დაამკვიდრა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევის ჟანრი (,,მესხეთ-ჯავახეთი’’, ,,ატენის ხეობა’’, ,,ბორჯომის ხეობა’’, ,,ქსნის ხეობა’’) და შრომები, რომლებსაც არ აწერია მეორე სათაურად ,,ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები’’ (,,კავთურას ხეობა’’, ,,ძამის ხეობა’’, ,,ფრონის ხეობა’’, ,,ლიახვის ხეობა’’, ,,ლეხურის ხეობა’’), ასევე, ფუნდამენტური გამოკვლევები (,,მთიულეთი’’, ,,ხევი’’, ,,თუშეთი’’, ,,ფშავი’’, ,,ხევსურეთი’’, ,,მთის რაჭა’’, ,,სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია’’). ზემოდასახელებული ნაშრომების მნიშვნელობა მით უფრო დიდია, რამეთუ მკვლევარი, ეთნოგრაფი, რომელიც 40 წლის მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა მხარეთმცოდნეობის საზოგადოებას, იყო ამავე დროს გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტისა და მუზეუმების (გორში, მესტიაში, ცაგერში, კასპსა თუ სტეფანწმინდაში) დამაარსებელი. იკვლევდა არქეოლოგიას, ნუმიზმატიკასა და ხელოვნებას, მისი ნაშრომები შეიცავს ბევრ, აწ უკვე დავიწყებულ, უმდიდრეს ეთნოგრაფიულ მასალას (განსაკუთრებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში).
სტატიის მიზანია ისტორიკოსთა თუ ეთნოგრაფთა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს სხვადასხვა რეგიონების ს. მაკალათიას ,,ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევების’’ მნიშვნელობა.
საკვანძო სიტყვები: ეთნოგრაფია, ისტორია, ხეობა, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი.











