მშობლიური ქვეყნის ისტორია ემიგრანტი ქართველებისათვის (ს. ფირცხალავას „ისტორიული ლანდები“)

  • TAMAR GOGOLADZE ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., № 53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0003-0450-2924
  • KETEVAN BARBAKADZE პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., № 53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-8706-2102

Resumen

გასული საუკუნის 30-იან წლებამდეც კი მშობლიური ქვეყნის ისტორიული წარსულისა და სამაგალითო გმირების გაცნობა ახალგაზრდა თაობისათვის საქართველოში  „ქართლის ცხოვრების“, ივ. ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიისა“ და თვით მასწავლებლის ცოდნის დონესა თუ მიწოდებაზე იყო დამოკიდებული, რასაც ემატებოდა ე.წ. სოცრეალიზმის „კონიუქტურული ჩარჩოს“ მოთხოვნებიც. მით უფრო, რომ თითქმის ათეული წლების მანძილზე დამოუკიდებელი საქართველოს დევნილი მთავრობის წარმომადგენელთა ოჯახებს და უკვე წამოზრდილ ახალთაობას არ გააჩნდა სათანადო მასალა ცოდნის წყარო მისთვის უცნობი სამშობლოს ისტორიასა და გმირულ წარსულზე. ეს საშვილიშვილო საქმე იკისრა დამოუკიდებლობის აქტის ერთმა ხელმომწერთაგანმა, თავისი ქვეყნის სიყვარულით გულანთებულმა მოღვაწემ სამსონ ფარცხალავამ (1872-1952). მისი საქმიანობის შესწავლა-გამოკვლევა გარდაცვალებიდან მხოლოდ 30-იოდე წლის შემდგომ მოხდა. ემიგრაციაში მყოფი ს. ფირცხალავა ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას ემიგრირებულ ახალ თაობას, რასაც მოჰყვა ნორჩი მკითხველისათვის საქართველოს ისტორიის პატარ-პატარა მთავარ ეპიზოდებად შეკრული, წასაკითხავადაც და აღსაქმელადაც მნიშვნელოვანი 1934 წელს პარიზში მის მიერ გამოცემული „ისტორიული ლანდები“, რომელსაც ქართულ (1990 წლის გამოცემაში) დაემატა ცალკე, 1939 წელს, პარიზშივე გამოცემული „თამარ მეფე“.

ს. ფირცხალავას, როგორც ქართული წიგნის ამაგდარის, პოლიტიკოსის, ჟურნალისტის ცხოვრება-ღვაწლი სხვადასხვა დროს შესწავლილია როგორც ბეჭდურ, ისე ინტერნეტულ სივრცეში, მაგრამ თვით ს. ფირცხალავას მეთოდური მიდგომა ემიგრანტი თაობისადმი ისტორიის მონაკვეთების მიწოდებისა ჩვენს მიერ პირველად იქნება წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილ-განხილული თავის მხრივ რომ უნიკალური მოვლენაა ემიგრაციაში მშობლიური ქვეყნის ისტორიის სწავლებისა და ქმნის ახალ პერსპექტივებს სამომავლოდაც, რაც კი წარმოადგენს ჩვენი სტატიის მიზანსაც.

 

საკვანძო სიტყვები:  ისტორიული ლანდები; მატიანე; ფანტაზია; ლეგენდა.

Publicado
2025-06-13
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია