მასალები ზოგიერთ გვართა ეთნიკური იდენტობისა და მათი ისტორიული მეხსიერების კვლევის საკითხისთვის
Resumen
საკუთარი ისტორიული წარსულის სხვადასხვა საფეხურზე საქართველო არაერთხელ მდგარა განსაკუთრებული სირთულეების წინაშე. მიუხედავად ამისა, ქართველი კაცი ყოველთვის პოულობდა თავისი ქვეყნის, ოჯახის და საკუთარი გენის გადარჩენის გზას და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ღებულობდა შესაბამის გადაწყვეტილებებს.
სხვა, არაერთი, დროების მსგავსად, XVIII საუკუნეც ერთ-ერთი ურთულესი გახლდათ. ოსმალთა დაუსრულებელი ლაშქრობები სულ უფრო ამძიმებდა ქვეყანაში შექმნილ ისედაც ძალზე რთულ ვითარებას. ცხადია, არ აყოვნებდა შედეგებიც. სომხური ეკლესიის მიმართ შედარებით ლოიალურად განწყობილი შაჰ აბასის დროიდან მოყოლებული უკიდურესად ძლიერდება ქვეყნის ქართული მოსახლეობის ისლამიზაციისა და არმენიზაციის პროცესები. ამ გარემოების მასტიმულირებელ და ხელის შემწყობ პოლიტიკას ქმნიდნენ ერთის მხრივ, მეზობელი ქვეყნების მუსლიმი მმართველები, ხოლო, მეორეს მხრივ, მათ მიერ ხელდასხმული, რჯულგამოცვლილი, გამაჰმადიანებული ქართველი ხელისუფალნი. „ქართული სამართლის ძეგლების“ მიხედვით, XVII საუკუნისგან განსხვავებით XVIII საუკუნის შუაწლებიდან ქართლში მანამდე არსებული ოცდაერთი საეპისკოპოსოდან მხოლოდ ექვსიღაა შემორჩენილი, კახეთის ოცი საეპისკოპოსოდან - მხოლოდ ოთხი, ხოლო მესხეთში თოთხმეტიდან აღარცერთი.
უფლებების მკვეთრი შეზღუდვა და მძიმე საარსებო პირობები მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აიძულებდა ეღიარებინა უცხო სარწმუნოებანი და ამით გარკვეული შეღავათები მოეპოვებინა არსებობის შესანარჩუნებლად. საქართველოზე მოწოლილი ისლამური სამყარო ათასგვარი გზითა და მეთოდებით ცდილობდა დაეჩქარებინა ქართული სარწმუნოებრივი საფუძვლების გადაგვარება და ქართული ეთნოსის სხვა ერებში ასიმილაციის პროცესი.
მოსახლეობის გარკვეულ ფენებში ქართველთა ასიმილაციის იდეა გარკვეულწილად წარმატებითაც ხორციელდებოდა, თუმცა, ერის ძირითადი ნაწილის შეგნებაში ქრისტიანობის დაცვა ეროვნულობის დაცვის იდეად ჩამოყალიბდა. ქრისტიანობა და ქართველობა ხშირ შემთხვევაში ერთ მცნებად იყო გადაქცეული. ყველა, ვინც სხვა რჯულის აღმსარებელი გახდებოდა, მასის თვალში კარგავდა ქართველობასაც, ვინაიდან რწმენა და ეროვნება ერთ მცნებად გახლდათ გაიგივებული.
საკვანძო სიტყვები: ეთნიკური იდენტობა, ისტორიული მეხსიერება, ეროვნულობის იდეა, რწმენა, ეროვნება, ქართველი კათოლიკეები, XIX საუკუნის კამერალური აღწერები.











