ზოგიერთი ეპიზოდი ცხინვალის ქართული თეატრის ისტორიდან რეგიონში მოღვაწე კრიტიკოსთა ნარატივში (XX საუკუნის პირველი ნახევარი)
Resumen
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქართული ბეჭდვითი სიტყვის ორი გამორჩეული ფლაგმანი ,,დროება’’ და ,,ივერია’’ პერიოდულად ახსენებდა დაინტერესებულ საზოგადოებას ზაალ მაჩაბლის სახელს. უნდა აღინიშნოს, რომ მისადმი მიძღვნილი თითოეული სტრიქონიდან გამოსჭვივის სამაჩაბლოელი თეატრალის და მოღვაწის ნიჭის და სასცენო ოსტატობისადმი პატივისცემა და სიყვარული.
ჯერ კიდევ 1878 წელს დროება წერდა: ,,სამ ენკენისთვეს უფ. ავალიანის სახლში ქართველ სცენის მოყვარეთა წარმოადგინეს შინაურულათ ,,ძუნწი“ გ. ერისთავისა. ბევრი ხალხი დეესწრო და წარმოდგენა რიგიანათ მიდიოდა.
კარაპეტამ, უფ. აბრამოვმა რიგიანათ აღასრულა თავისი როლი; ადგილ-ადგილ მშვენიერათ თამაშობდა ძუნწში ბრიყვი კაცის როლსა, მაგრამ ზოგ-ზოგ ადგილს კი ვერაფრათა, ესე რომ ძუნწი კარაპეტას მაგივრათ მდიდარ გულღია მეფურნეს მიემსგავსებოდა.
არჩილმა, უფ. ჩუბინოვმა ვერ წარმოადგინა რიგიანათ შეყვარებული ახალგაზრდა კაცის როლი, მაგრამ ჰჩანდა კი, რომ სცენის ნიჭი ჰქონდა; ეს უფრო მეორე როლში დაამტკიცა, როდესაც ახუნდათ გამოვიდა: ხალხი სიცილით დაიხოცა და ტაშის ცემით დააყრუა იგი.
ხამფერამ, ელ. ავალიანისამ მეტათ მშვენივრათ აღასრულა თავისი როლი. მიხრა-მოხრა და წყნარი ქცევა თავადიშვილის ქალისა ჰქონდა მას, მაგრამ ხმის ინტონაცია მისი და აქცენტი სწორეთ სომხის ქალისა იყო და ამით უფრო კარგ შნოს აძლევდა ხამფერას როლსა.
მოახლე მისი, მ. ტერშმოვანოვისა ნამდვილი ქართველი გამზრდელი იყო. პატიოსნათ და რიგიანათ აღასრულა თავისი როლი; კარგი სცენის ნიჭი გამოიჩინა ამ ახალგაზრდა ქალმა და პუბლიკამაც ტაშის დაუკვრელად არ დააგდო.
რაც ივანიკას შეეხება, ჰჩანდა, რომ თ. ზაალ მაჩაბელი გამოცდილი აქტიორი ჰყოფილა და მართლაც ნამდვილი გამოსხლეტილი იმერლის ბიჭი წარმოადგინა ჩვენ თვალწინ’’ ( „დროება“, 1878, #180, გვ. 2).
ზაალ მაჩაბლის მონაწილეობით წარმატებულ სპექტაკლზე არაერთხელ მიუთითებდა ,,ივერიაც’’.
,,სოფელ საღოლაშენიდამ გვწერენ, რომ 1 მაისს გამართული წარმოდგენიდამ შემოვიდა სულ 36 მან. რომელიც უკვე გარდაეცა ,,წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასაო’’. წარმოადგინეს იმ საღამოს ვოდევილი ბ-ნის ავ. ცაგარელისა ,,ბაიყუში’’ და დასდგეს ცხოველი სურათები. წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა: კნ. ს. წერეთლისამ, ეკ. წერეთლისამ, ზაალ მაჩაბელმა, ლევან ციციშვილმა და აბელ და კოტე კალატოზიშვილებმა. წარმოდგენაცა და ცხოველი სურათებიც გამართულ იქმნა თ. სარდიონ ამირეჯიბის თაოსნობით იმის საკუთარს სახლში. წარმოდგენაზედ საკმაოდ დაესწრო ხალხი გარშემო ახლო-მახლო სოფლებიდგან. იყვნენ აგრეთვე გლეხ-კაცებიცა. საზოგადოებამ დიდად ისიამოვნა წარმოდგენითა’’ („ივერია“, 1888, #111, გვ. 2).
საკვანძო სიტყვები: საქართველო; სამაჩაბლო; ცხინვალი; ქართული თეატრი; კულტურული ცხოვრება; ზაალ მაჩაბელი; დავით კასრაძე; ვახტანგ კასრაძე; ია ეკალაძე.











