„კავკასიის ცალკეული კორპუსის ჯარისკაცი“: იმპერიული დისკურსის ნარკვევი
Resumen
XIX საუკუნეში კავკასია რუსეთის იმპერიის სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონად იქცა. იმპერიული ექსპანსიის პროცესში სამხედრო თხზულებები იქცა იდეოლოგიური ნარატივის მთავარ მედიატორებად, რომლებიც ამართლებდნენ ოკუპაციას და ამავე დროს ამკვიდრებდნენ „გმირი ჯარისკაცის“ იმიჯს. უცნობი ავტორის ნარკვევი „კავკასიის ცალკეული კორპუსის ჯარისკაცი“ წარმოადგენს ისეთ დისკურსულ ნაწარმოებს, სადაც რუსი ჯარისკაცი გამოხატავს იმპერიის ზნეობრივ იდეალს, ხოლო მთიელი მტერი წარმოჩენილია „ველურ მოწინააღმდეგედ“. დოკუმენტი საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება, ავტორი უცნობია და ის წარმოადგენს უნიკალურ წყაროს XIX საუკუნის სამხედრო-პუბლიცისტური პროზის კონტექსტში. კვლევა ეფუძნება ტექსტოლოგიურ, ისტორიულ და შედარებით ანალიტიკურ მიდგომებს. ტექსტის ენობრივი, სტრუქტურული და შინაარსობრივი თავისებურებები შესწავლილია დისკურსული და სოციოკულტურული ანალიზის ელემენტებით. ნარკვევში იკვეთება რუსული სამხედრო ნარატივის ძირითადი მახასიათებლები: ჯარისკაცის მორალური ტრანსფორმაცია, გმირობის იდეოლოგია, დისციპლინისა და მორჩილების კულტურა, ასევე მოწინააღმდეგის სტერეოტიპული დეჰუმანიზაცია. ტექსტი ასახავს კავკასიის ომის კოლონიურ ხედვას, სადაც ომი იდენტიფიცირდება „ცივილიზაციის“ მისიის განმახორციელებლად. ნარკვევის იდეოლოგიური ანალიზი აჩვენებს, რომ რუსი ჯარისკაცი წარმოჩენილია როგორც ზნეობრივად აღმატებული და კოლექტიური მსხვერპლშეწირვის სიმბოლო, ხოლო კავკასიელი მებრძოლი - „სხვა“, ველური და დაუმორჩილებელი. ამგვარი დაპირისპირება ასახავს იმპერიული დისკურსის მიზანს - სამხედრო ძალის მეშვეობით კულტურული უპირატესობის გამყარებას. სტატია - „კავკასიის ცალკეული კორპუსის ჯარისკაცი“ - წარმოადგენს რუსული იმპერიული პროპაგანდის ტიპურ ნიმუშს. ტექსტის გამოქვეყნება და ანალიზი ახალ შესაძლებლობას ქმნის XIX საუკუნის რუსულ-კავკასიური ურთიერთობების კვლევისათვის.
საკვანძო სიტყვები: კავკასია, რუსეთის იმპერია, სამხედრო მემუარები, კოლონიური ნარატივი, იმპერიული იდეოლოგია.











