„და ეს ყველაფერი დაწერა ადამიანმა, რომელმაც ქართულად ერთი სიტყვა არ იცოდა და დაბადებიდან არასოდეს უნახავს საქართველო“ (მიტროპოლიტ ევგენი ბოლხოვიტინოვის წიგნის შესახებ)
Resumen
სტატიაში განხილულია მიტროპოლიტ ევგენი ბოლხოვიტინოვის (1767 - 1837 წწ.) წიგნი - „საქართველოს ისტორიული სურათი მისი პოლიტიკური, საეკლესიო და საგანმანათლებლო მდგომარეობის მიხედვით“. იგი შედგენილია ალექსანდრე ნეველის აკადემიაში და გამოიცა 1802 წელს. მეტროპოლიტმა ეს წიგნი ანონიმურად გამოსცა. წიგნი ეძღვნება იმპერატორ ალექსანდრე I-ს. მკითხველისადმი მიმართვაში ის უარყოფს დასავლეთევროპელი ავტორების ცნობების სანდოობას საქართველოს შესახებ და ობიექტური ცნობების მიწოდებას ჰპირდება. მას აინტერესებდა ინფორმაცია არა მარტო ქართული მუსიკის, ლიტერატურის, პოეზიის, არამედ წარსულის პოლიტიკური მოვლენების შესახებ. რუსი ავტორის წიგნში განხილულია დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის შემოქმედება.
საინტერესოა, რატომ ცდილობდა რუსი სამღვდელოების წარმომადგენელი წიგნის დაწერას იმ ქვეყნის შესახებ, სადაც არ იყო ნამყოფი და ეყრდნობოდა მხოლოდ სხვების გადმოცემულ ამბებს და რამდენიმე ისტორიული წყაროს? ეს მისივე სურვილი იყო თუ ასრულებდა რუსეთის მთავრობის ან სინოდის დაკვეთას?
ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის სახელმწიფო და პოლიტიკურ ცხოვრებაში წიგნის მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ ეს წიგნი, რუსეთში გამოცემის შემდეგ, 1804 წელს, ითარგმნა და გერმანიაში გამოქვეყნდა. მის შესახებ რეცენზიები იწერებოდა დასავლურ პერიოდულ გამოცემებში. სტატიაში გამოყენებულია როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა ე. ბოლხოვიტინოვის თხზულების შესახებ.
საკვანძო სიტყვები: მიტროპოლიტი ევგენი ბოლხოვიტინოვი, საქართველო, რუსეთი, ისტორიული ლიტერატურა, XIX საუკუნე.











