ტანას (ატენის) ხეობის მოსახლეობის დინამიკა (დემოგრაფიული, ეთნიკური და სოციალური ცვლილებები)
Resumen
სტატიაში მრავალრიცხოვენ საარქივო საბუთებზე, დოკუმენტებსა და ნარატიულ წყაროებზე დაყრდნობით, შესწავლილია საქართველოსა და შიდა ქართლის ერთ-ერთი სტრატეგიული ადგილის - ატენის ხეობის ისტორია და მისი მოსახლეობის დინამიკა საუკუნეების განმავლობაში.
ტანას აუზი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილო კალთის ცენტრალურ ნაწილში, თრიალეთის, საცხენისის და წერეთის ქედებს შორის. ტანას სათავე იწყება ჯამჯამას მთის აღმოსავლეთით და გორისა და ხიდისთავის გასაყარზე უერთდება მარჯვნიდან მტკვარს.
ტანას ხეობაში პირველი მოსახლეობის კვალი უკვე შუა ბრინჯაო-გვიან ბრინჯაოდან ჩანს. ,,ტანას ხევი“ უკვე IV-VII საუკუნეებში იყო ცნობილი და სპასპეტის საგამგებლოში შედიოდა.
სტრატეგიული ადგილ-მდებარეობის, ნაყოფიერი მიწების, ტყეებისა და საძოვრების გარდა, ტანას ხეობაზე გადადიოდა გზა შიდა ქართლიდან ქვემო ქართლში, სომხეთსა და მესხეთ-ჯავახეთში კლდეკარის საერისთავოზე გავლით. ატენის გზით აქ უამრავი ბაჟი შემოდიოდა და ეს ეკონომიკური სარგებელი განაპირობებდა სამეფო კარის თუ სხვა ფეოდალთა დაინტერესებას.
ტანას ხეობას საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სამეფო კარი და ეკლესია ფლობდა, თუმცა, სხვადასხვა დროს აქ დიდი მამულები ჰქონდათ ბაღვაშებს, ციციშვილებს, ორბელიანებს, ერისთავებს და სხვ.
X საუკუნეში ,,ატენის ქვეყანას“ ბაღვაშთა უძლიერესი ფეოდალური სახლი ფლობს, მაგრამ ერთიანი საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ მესამემ ბაღვაშებს ატენის ციხე ჩამოართვა და თვითონ დაისაკუთრა.
ბაღვაშებმა სტრატეგიული ხეობა უბრძოლველად არ დათმეს, მაგრამ, საბოლოოდ, სამეფო კართან დამარცხდნენ.
X-XI საუკუნეებში ატენის ,,ქუეყანაში“ ბაგრატ IV-ის ინიციატივით ქალაქმშენებლობის ფართო მასშტაბებზე მიუთითებს ატენის სიონის არაერთი წარწერა, სადაც ,,ზღუდეების,“,,კალაპოტის შექმნაზე“და სხვა სამუშაოებზეა საუბარი.
ატენმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა დავით აღმაშენებლის დროს. აქ იყო განთავსებული სამეფო საჭურჭლე.
ატენი და ტანას ხეობა ამის შემდეგაც მუდმივად იყო ბაგრატიონთა ყურადღებისა და ზრუნვის საგანი.
XVIII საუკუნის ბოლოს ლეკთა გამუდმებული შემოსევების წყალობით ატენის ხეობაში მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა და მხოლოდ XIX ს. 20-იან წლებში მოხერხდა მისი ხელახალი დასახლება,
საძიებო სიტყვები: ტანას ხეობა, საქართველოს სამეფო კარი, ეკლესია, ბაღვაშები, ორბელიანები, ციციშვილები, ძალაუფლებისათვის ბრძოლა, ხეობის მოსახლეობის დინამიკა.











