ხვითის ისტორიიდან
Resumen
სტატიაში შესწავლილია შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არსებული ორი სოფლის ქვემო და ზემო ხვითის პოლიტიკური, და სოციალ-ეკონომიკური ისტორია, მოსახლეობის დინამიკა, ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა, სოფლის სიძველეები, საფორტიფიკაციო ნაგებობები, მატერიალური და სულიერი ძეგლები, ლაპიდარული წარწერები და ეპიტაფიები. გარკვეულია ტოპონიმ ,,ხვითის“ მნიშვნელობა და წარმომავლობა. ხვითის ურთიერთობა იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან.
ხვითი ძველთაგან თაქთაქიშვილების საკუთრებას წარმოადგენდა, მაგრამ სხვადასხვა რაოდენობით აქ ყმები ჰყავდათ და მიწები ჰქონდათ მაჩაბლებს, ხერხეულიძეებს, ფავლენიშვილებს, თუმანიშვილებს.
სოფელი წერილობით წყაროებში უკვე აქტიურად ჩნდება XVI საუკუნიდან. მოსახლეობა ძირითადად, მიწათმოქმედებას და მებაღეობა-მევენახეობას მისდევდა.
სოფელში მდგარი ეკლესიებიდან ყველაზე ძველი ღვთისმშობლის ეკლესიაა. როგორც წარწერიდან ირკვევა, იგი 1672 წელს, მროველ ეპისკოპოს იოანე თაქთაქისძეს თავისივე ნასყიდ ადგილში საკუთარი და ძმების: არდაშელ, ფილიპე და ელისბარის ,,ცოდვათა შესანდობლად“, ვრეძის ღვთისმშობლის ,,მეტოქად“ აუგია. აღსანიშნავია, რომ იგივე პირები აშენებენ ხვითის ჩრდილოეთით, თირის ცნობილი მონასტრის ეკვდერს 1682 წელს, იმ განსხვავებით, უფროსი ძმა იოანე თირის წარწერაში მოხსენიებული არ არის. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ამ დროისათვის უკვე გარდაცვლილია, ამიტომ მროველობა მომდევნო ძმაზე - ფილიპეზე გადადის.
ისევე, როგორც ქართლის სხვა სოფლები, ხვითი და მისი მოსახლეობა აქტიურად იყო ჩართული ,,ლეკიანობის“ წინააღმდეგ თავდაცვით ბრძოლებში.
ერეკლე II-ეს მიერ 1772 წლის 28 აგვისტოს გამოცემული ,,სამდევროების“ განჩინებით, რომელიც ლეკთა თავდასხმების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხვითი მესამე სამდევროში იყო გაერთიანებული დიდი ლიახვის სხვა სოფლებთან (ძარწემი, ქურთა, თამარაშენი, ცხინვალი, ნიქოზი, ფხვენისი, შინდისი) ერთად. დიდი ლიახვის ხეობიდან ლეკების თავდასხმის შემთხვევაში მათთვის მეორე სამდევროს (პატარა ლიახვის მიმდებარე სოფლები) უნდა გაემაგრებინათ ზურგი. თავის მხრივ, ძამას ხეობიდან წამოსული მტრის შემთხვევაში ხვითელები, მესამე სამდევროს სხვა სოფლებთან ერთად, ვალდებულები იყვნენ დირბის წყლის სოფლებს დახმარებოდნენ.
საძიებო სიტყვები: ზემო და ქვემო ხვითის სიძველეები, ლაპიდარული წარწერები, ეპიტაფიები, მოსახლეობა, ფავლენიშვილები, თაქთაქიშვილები, საკულტო და საფორტიფიკაციო ნაგებობები.











