დიდი ბრიტანეთის პირველი საკონსულო ოსმალეთის მმართველობის დროინდელ ბათუმში: დაარსების მიზეზები, მიზანი და სტრატეგია (1840-1852)
Resumen
XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება ბათუმისადმი ინტერესის ზრდა, რაც დაკავშირებული იყო ერთი მხრივ, რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის შედეგებთან (ოსმალეთმა დაკარგა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო), მეორე მხრივ კი ანატოლიაში რუსეთის გავლენასთან. ამას მოჰყვა ჯერ ტრაპიზონში (1831 წელს), შემდეგ კი ბათუმში (1840 წელს) დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა.
საკონსულოების გახსნა იმ პერიოდში ემსახურებოდა ირანსა და ოსმალეთზე რუსეთის გავლენის შესუსტებას და ბრიტანული ინტერესების გატარებას. ამავე დროს ბრიტანეთის მთავრობას სურდა მიეღო სწრაფი და სწორი ინფორმაცია ყველა მოვლენის შესახებ, რაც ხდებოდა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე, ხელი შეეწყო ბრიტანეთის ვაჭრობისთვის.
ბათუმის პირველ ვიცე-კონსულად შეირჩა 20 წლის ფრედერიკ გუარაჩინო, რომელიც თანამდებობაზე დაინიშნა 1839 წლის ნოემბერში, თუმცა მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1840 წლის აპრილიდან.
დიპლომატიური უწყებიდან მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად, ფ. გუარაჩინოს უნდა შეეკრიბა ყველა სახის ინფორმაცია (გეოგრაფიული, სტატისტიკური, პოლიტიკური, სავაჭრო...), შეესწავლა კომერციული თვალსაზრისით საინტერესო ადგილები, მოეპოვებინა ადგილობრივთა კეთილგანწყობა, დაემყარებინა კარგი ურთიერთობები მმართველ ელიტასთან...
ფრედერიკ გუარაჩინო 6 წელი ასრულებდა ბრიტანეთის ვიცე-კონსულის მოვალეობას ბათუმში. 1846 წლის ივნისიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის გაუქმებამდე (1852 წლის დეკემბერი), ვიცე-კონსულად დანიშნული იყო უილიამ რიჩარდ ჰოლმსი. საკონსულოს დახურვის მიზეზი, სავარაუდოდ, იყო ის, რომ იმ ეტაპზე ბრიტანეთმა, როგორც ჩანს, ვერ დაინახა ბათუმის განვითარების პერსპექტივა: მუდმივი არეულობა, არასასურველი კლიმატური პირობები, ვაჭრობის შეზღუდული მასშტაბები გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საკვანძო სიტყვები: ბათუმი, ბრიტანეთი, საკონსულო, გუარაჩინო, ჰოლმსი











