სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტრის
Resumen
ხარისჭირაშვილის თაოსნობით სტამბოლში მოქმედი ქართველ კათოლიკეთა მონასტრი გამორჩეული რელიგიური და სამეცნიერო-კულტურული კერა იყო საქართველოს ფარგლებ გარეთ არსებულ ქართულ მონასტრებს შორის. XIX-XX სს. მიჯნაზე. ქართველების გარუსების და გასომხების ფონზე, სტამბოლის ქართველთ სავანე იყო ერთადერთი რელიგიური დაწესებულება, რომლის ბერები პრაქტიკული ქმედებებით - ჯვრით, კალმით თუ იარაღით ხელში იბრძოდნენ საქართველოს სუვერენიტეტისათვის. იგი იყო ერთადერთი საზღვარგარეთ არსებული რელიგიური დაწესებულება, სადაც სამეცნიერო საქმიანობის გარდა, ინტენსიურად მიდიოდა ქართული კულტურის დაცვა და პროპაგანდა.
ლიტურგიული კუთხით, ფერიქოის ქართული კათოლიკური ეკლესიის განსაკუთრებულობა იყო, 1864-1874 წლებში, კონგრეგაცია ფიდეს ნებართვით, მასში ბერძნულ-კათოლიკური (ბიზანტიური) რიტის ე.წ. „ქართული ვარიანტის“ - მღვდლების ქართულ წესზე კურთხევის პრაქტიკის დანერგა. თუ პარალელს გავავლებთ რუსეთის იმპერიის წიაღში ტფილისის და ქუთაისის გუბერნიაში შექმნილ ვითარებაზე, სადაც XX ს-მდე კათოლიკეებს ეკრძალებოდათ ბიზანტიურ-კათოლიკურ რიტზე ლიტურგიის ჩატარება და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სომხურ წესს მისდევდა, მაშინ კიდევ უფრო გაიზრდება სტამბოლის ქართული კონგრეგაციის მიერ მოპოვებული გამარჯვების ფასი.
XIX-XX ს-ბის ტფილისის და ქუთაისის გუბერნიებში ქართული ტიპიკონისთვის ბრძოლას მესხი კათოლიკეები წარმართავდნენ. ამ ბრძოლის სათაო ორგანიზაცია იყო სტამბოლის ქართული კონგრეგაცია, ხოლო ანალოგიურ მისიას სამცხე-ჯავახეთში, თანამოაზრეებთან ერთად, აწარმოებდნენ ხარისჭირაშვილის მოსწავლეები.
თავდაპირველად, 1861 წელს ნაგები ერთსართულიანი ფერიქოის ქართული ეკლესია ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის სახელობის იყო. მონასტრის ახალი ნაგებობის მშენებლობისას, ეკლესიის მამებმა, მონასტრის სახელწოდების ცვლილებაში გაითვალისწინეს მიმდინარე სიახლე - წმ. მარიამის თაყვანისცემაში მიღებული დოგმატური ცვლილება, ამიტომაც 1901 წელს, ნეო-გოთიკური სტილის დარბაზული ტიპის ეკლესია უკვე „ლურდის ღვთისმშობლი“-ს სახელწოდებისაა.
საკვანძო სიტყვები: კათოლიკობა, ფერიქოის ქართველთა მონასტერი, ხარისჭირაშვილი, ბერძნულ-კათოლიკური რიტი.











