ფრონის ხეობის ხალხურ დღეობათა შესწავლის ეთნოლინგვისტური ასპექტები
Resumen
წინამდებარე სამეცნიერო სტატიაში წარმოდგენილია ფრონის ხეობის ხალხური კალენდარული დღეობები, მასთან დაკავშირებული რიტუალებისა და ტერმინოლოგიის შესწავლის ასპექტები და ლოკალური თავისებურებები ზოგადქართულ ეთნოკულტურულ კონტექსტში. თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში რიტუალური ტრადიციები შეცვლილია, ლოკალური დღეობების ნაწილი ახლაც იმართება, ნაწილი კი აღარ ფუნქციონირებს. ზოგ სოფელში რამდენიმე სალოცავია, მაგრამ ერთი წმინდანის სახელობისაა. სოფელ დირბის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს წარმოადგენს ზედაჯვრობა. სახელწოდება დაკავშირებულია ზედაჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან. დღეობა აღინიშნება ყოველწლიურად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიდან ოცდამეორე დღეს, ორშაბათს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიდან მესამე პარასკევს სოფელ დვანში იმართება კვართობა, რომელიც უკავშირდება კვართის წმინდა გიორგის სახელს. კვართობა იმართება ხუთშაბათ დღეს სოფელ ხოვლეშიც, კვართობის დღესასწაულს კოხისჯრობასაც უწოდებენ. დვანში მსხვილი სეტყვა სცოდნია და ამიტომ დაუწესებიათ კოხის საწინააღმდეგო დღეობა. ლეჩხუმში დასტურდება კოხინჯრობა, რაჭაში-კოხინჯარობა. დასავლეთ საქართველოში ეს დღესასწაული იმართებოდა 7 მაისს.
სოფელ ნულში მდებარეობს წმინდა გიორგის პარასკევას სახელობის ტაძარი, სადაც პარასკევს მიდიან სალოცავად და დღეობასაც იხდიან.
სოფელ ავლევში იმართება 6 მაისს გიორგობა წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი დღეობა. ამ სოფელში მცხოვრები ნინიაშვილები გიორგობასთან ერთად ივანობასაც იხდიან 7 ივლისს. გვარი სოფელ იონჩადან არის გადმოსული საცხოვრებლად და ფუძის ანგელოზის დღეობასაც დღესასწაულობს.
სალოცავებს შორის ყველაზე ძლიერ სალოცავად ითვლებოდა ავნევის წმინდა გიორგი და იმართებოდა ხალხური დღეობა - გორაობა აღდგომიდან მეორე კვირის ორშაბათს.
ყორნისში არის კარასეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. აქ იმართებოდა დღეობა კარასეთობა. კარასეთის წმინდა გიორგის ხატი ძლიერ ხატად ითვლებოდა. ხალხის ღრმა რწმენით კარასეთი არჩენდა სულით ავადმყოფებს. ასეთ ავადმყოფებს ეკლესიის გარშემო შემოატარებდნენ სამჯერ ხელში ანთებული კელაპტრებით და კარასეთის წმინდა გიორგის შესთხოვდნენ მის განკურნებას.
ლოკალურად ახლოს მყოფ სოფლებში - საღოლაშენში, არადეთში, წვერსა და ბრეთში 28 აგვისტოს ტარდება მარიამობა/ მარიობა.
ტახტისძირში სოფლის ცენტრში მდებარეობს პეტრე-პავლეს ეკლესია. მოსახლეობა ტაძრისადმი მიძღვნილ დღეობას-პეტრეპავლობას აღნიშნავს 12 ივლისს. ლეჩხუშში პეტრებალობა ტარდება 29 ივნისს.
ფრონის ხეობის დღეობათა სისტემაში მკაფიოდ იკვეთება ქრისტიანული წმინდანების (წმინდა გიორგი, წმინდა მარიამი, წმინდა პეტრეპავლე...) თაყვანისცემა და უძველესი რწმენა-წარმოდგენები, რომელიც აერთიანებს სოფელს, გამოხატავს სოციალურ კომუნიკაციას, ამყარებს ნათესაურ კავშირებს და უზრუნველყოფს კულტურული მეხსიერების თაობიდან თაობაზე გადაცემას.
საკვანძო სიტყვები: ფრონის ხეობა, ხალხური დღეობები, ეთნოლინგვინგვისტური ასპექტები, რიტუალური ტერმინოლოგია, კულტურული მეხსიერება.











