ფრონის ხეობის სოფელი წორბისი ქართულ-თურქულ ისტორიულ დოკუმენტებსა და პრესის მასალებში
Resumen
სამეცნიერო ნაშრომში გაანალიზებულია სოფელი წორბისის ისტორიული წარსული თანამედროვეობასთან მიმართებაში, ყოფა-ცხოვრება, ეტიმოლოგია, ტოპონიმია, მიგრაციული პროცესები, მატერიალური კულტურის ძეგლები, ხალხური გადმოცემები, სალოცავები და რწმენა-წარმოდგენები. კვლევა ემყარება ქართულ-თურქულ ისტორიულ დოკუმენტებს, არქეოლოგიურ მონაცემებს, ეთნოგრაფიულ და პრესის მასალებს. წარმოდგენილია ჩვენ მიერ მოძიებული მასალებიც.
წორბისის განლაგების ადგილია აღმოსავლეთ ფრონის მარჯვენა ნაპირი, ეს არის დვანის ფრონის ზემო წელი, მთის ძირი. სოფელი თავისი რელიეფით მთიან-ველიან მხარეს წარმოადგენს და კლიმატურად მთის ჰავის ტიპს მიეკუთვნება. წორბისი ამჟამად ოკუპირებულია. ის შედის თიღვის მუნიციპალიტეტის ნულის ადმინისტრაციულ ერთეულში.
სოფლის სახელწოდება მთიანი რელიეფის გამო შესაძლებელია მეტაფორულად უკავშირდებოდეს წარბს (თმის ზოლი თვალის ზემოთ), რაც მიღებული უნდა იყოს ბგერათა ტრანფორმაციით: წარბი→წორბი+ ის→წორბისი. სახელი წორბისი ხაზს უსვამს სოფლის სტრატეგიულ და მაღალ მდებარეობას, რომელიც გადაჰყურებს გარემოს.
წორბისიდან ჩრდილოეთით მთებზე გადადიოდა ისტორიულად მნიშვნელოვანი ქართლისა და იმერეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა, რომლემაც თავის დროზე გარკვეული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის ორივე ნაწილის კულტურულ-ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი ერთიანობის განმტკიცების საქმეში.
ფრონის ხეობის სხვა სოფლებთან ერთად წორბისი შედიოდა რუისის საეპისკოპოსოში. 1715 წლის რუისის დავთარში აღწერილია სოფელ წორბისში მოსახლე გვარები: შალბელიქიშვილი, ბათხაძე, მაისურაძე, შოშიაშვილი, საყვარელაშვილი, ხუციშვილი, წოწოლაშვილი, სამბახიძე, კობერიძე, გოგლიძე, საძაგლიშვილი, კუტიშვილი, თაბუაშვილი, ზამბახიძე, ადუაშვილი.
ვახუშტი და იოანე ბაგრატიონები დვანისწყალზე და მისი შენაკადების დასახლებული პუნქტების აღწერისას ასახელებენ წორბისს. სამეფო, საეკლესიო, სათავადო და სააზნაურო სოფლებს წარმოადგენდნენ: ბეყმარი, საღოლაშენი, არადეთი, წვერი, ბრეთი, დირბი, დვანი, ტოლიბერი, ავნევი, არკნეთი, წუნარი, ერკნეთი, თორმანეული, ღვედრეთი, ნული, მავდა, წორბისი, ურია, ყორნისი, რუსთავი,
1728 წლის ,,თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი “ გვაწვდის საყურადღებო ცნობებს სოფელ წურბისში (ო-უ ბგერათა მონაცვლეობით წორბისი) მოსახლე 78 კომლის შესახებ. ბევრი საკუთარი სახელი, რომელიც ამ მასალებშია მოხსენებული შემდგომ საფუძვლად დასდებია გვარების წარმოქმნას: ნასყიდა - ნასყიდაშვილი, ბერი-ბერიძე, ბერიკა-ბერიკაშვილი, ზაქარა - ზაქარაშვილი, გიორგა-გიორგაძე, ლექვინა - ლექვინაძე ....
სოფელში შემორჩენილია მატერიალური კულტურის ძეგლები: საბაჟო - ძველი ნასოფლარი, კოშკები, დარბაზული ეკლესია (VIII-IX სს.), ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ( IX-X სს.). 1980 წელს სამონასტრო კომპლექსის (ადრე შუა საუკუნეები) ნანგრევებში აღმოჩნდა ტუფის ქვა, რომელზედაც დადასტურდა ძველი ქართული მრგლოვანი ასოებით შესრულებული ორ წარწერა (IX-X სს.).
პრესის მასალები (,,სახალხო გაზეთი“, ,,ისარი“, ,,კლდე“) საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ ფრონის ხეობაში მიგრაციული პროცესების, მთიდან ქართველი მოსახლეობის ბარში ჩამოსახლების, ხიზნების დასახლების, სოფლების სივრცისა და მცხოვრებლების შესახებ.
ნაშრომში წარმოდგენილი დოკუმენტური მასალები ნათლად აჩვენებს სოფელ წორბისის როლს ფრონის ხეობის განვითარებაში და იმ ურყევ კავშირს, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობდა ადგილობრივ მოსახლეობასა და საერთო ქართულ სახელმწიფოებრივ და სულიერ სივრცეებს შორის.
საკვანძო სიტყვები: ფრონის ხეობა, წორბისი, ქართულ-თურქული აღწერები, მატერიალური კულტურის ძეგლები, ძველი ქართული წარწერები, მიგრაციული პროცესები, მოსახლეობა,











