ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების მოღვაწეობა ბათუმის ოლქში XIX საუკუნის 80-90-იან წლებში
Resumen
რუსეთის იმპერიამ XIX საუკუნის 60-იან წლებში დაიპყრო მთელი კავკასია. დაიწყო რუსული კოლონიური პოლიტიკის გატარება. ეს ძირითადად ნიშნავდა დაპყრობილი ხალხების ასიმილაციას. იმპერიის მიერ დაპყრობილ მუსლიმანურ რეგიონებში, შეუდგნენ რუსული მართლმადიდებლური სამისიონერო პოლიტიკის განხორციელებას.
1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად, გაერთიანებულმა რუს-ქართველთა ჯარმა, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, შეძლო აჭარის თურქეთის ხანგძლივი ბატონობისაგან განთავისუფლება და დედა-სამშობლოსთან მისი დაბრუნება. ახალშემოერთებული კუთხე და მისი მოსახლეობა მაშინვე მოექცა რუსული ეკლესიის, კერძოდ კი ,,კავკასიაში ქრისტიანული სარწმუნოების აღმდგენი საზოგადოების’’ ყურადღების ცენტრში. აღსანიშნავია ერთი ფაქტი, კერძოდ, როდესაც რუს-ქართველთა გაერთიანებული ჯარი ბათუმში შემოვიდა, მას თან ახლდნენ როგორც რუსი, ასევე ქართველი ეროვნების საეკლესიო მოღვაწეები. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ქართველი საეკლესიო მოღვაწე დავით დუმბაძე. ბათუმში საზეიმოდ შემოსულ ჯარს საეკლესიო ზარების გუგუნით მიეგება წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია და ამ ეკლესიის მრევლი. ეს იყო პირველი შემთხვევა ზარების რეკვისა, რადგან ადრე თურქები არ აძლევდნენ უფლებას ეკლესიებს ზარების დარეკვისა. ამ მოვლენის აღსანიშნავად ბათუმში გაიმართა საზეიმო ბანკეტი, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც საერო, ასევე საეკლესიო ხელისუფლების წარმომადგენლები.
ამ ბანკეტზე სიტყვით გამოვიდა, ბერძნული ეკლესიის წინამძღვარი ალექსი და დიდი შეფასება მისცა ამ ისტორიულ მოვლენას. ამასთან, მან დიდი სიყვარულით მოიხსენია დავით დუმბაძე, რომელიც მანამდე რამოდენიმეჯერ იყო ბათუმში სამოქალაქო პიროვნების რანგში ნამყოფი. იგი ხვდებოდა ბერძნული და ბათუმში არსებული სხვა ეკლესიების წარმომადგენლებს და გებულობდა ბათუმში შექმნილ ვითარებას. ასევე, იგი ინტერესდებოდა ქრისტიანული სარწმუნოების მდგომარეობით, ხვდებოდა ბათუმელ ქრისტიანებს და მათ ანუგეშებდა, ეუბნებოდა, რომ მალე ეს მხარე განთავისუფლდებოდა თურქთა ბატონობისაგან. ჩვენ ვიცოდით, რომ – განაგრძობს ალექსი – დავით დუმბაძე ქრისტიანული სამისიონერო საზოგადოების წევრი იყო და მას ვაწვდიდით ინფორმაციებს ქრისტიანთა მდგომარეობის შესახებ. ალექსიმ თქვა, რომ ის დიდად მადლობელი იქნებოდა თუ მღვდელი დავით დუმბაძე, სხვებთან ერთად დაჯილდოვდებოდა მედლით იმ თავდადებისათვის, რომელიც მან გამოიჩინა ამ დიდი ისტორიული მოვლენის განხორციელების საქმეში.
საკვანძო სიტყვები: კავკასიაში ქრისტიანული სარწმუნოების აღმდგენი საზოგადოება, რუსეთ-თურქეთის ომი.











