კარიკატურა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონტექსტში

  • SALOME TCHANTURIDZE ისტორიის დოქტორანტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის #1 http://orcid.org/0009-0003-0790-7625

Resumen

XX საუკუნის 10-იანი და 20-იანი წლების უმნიშვნელოვანესი პროცესები  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს (1918-1921 წწ.) უკავშირდება. როცა თავისუფალმა პოლიტიკურმა პროცესმა თავისუფალი ხელოვნების წარმოშობა განაპირობა ან პირიქით, თავისუფალმა სახელოვნებო ენერგიამ „დაბადა“ თავისუფალი ქვეყანა.

XX საუკუნის პირველი ნახევრის პარიზის მსგავსად, თბილისი არა მხოლოდ დედაქალაქი, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრიც იყო, სადაც იკრიბებოდნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, რევოლუციურ რუსეთს გამოქცეული ხელოვანები. საქართველო იქცა „ჩაგრულ“, „დევნილ“ ადამიანთა თავშესაფრად, სადაც მოდერნიზმი და ავანგარდი ჰყვაოდა. სახვითი ხელოვნების დარგებს შორის, აღსანიშნავია, ქართული კარიკატურის ჟანრის განვითარება.

დამოუკიდებლობის პერიოდის საქართველოში მოღვაწეობდნენ მხატვარ-კარიკატურისტები: ოსკარ შმერლინგი, შალვა ქიქოძე, მიხეილ ჭიურელი, ალექსანდრე ზალცმანი, ლადო გუდიაშვილი, გიგო ზაზიაშვილი და სხვები. ამ დროის ჟურნალ-გაზეთებმა თამარ თავაძის და ელენე ახვლედიანის შარჟებიც შემოგვინახა.

საქართველოში, 1880-იანი წლებიდან, ბეჭდური პრესის გაჩენასთან ერთად, მრავალი ჟურნალ-გაზეთი ირთვებოდა კარიკატურული ნიმუშებით. კარიკატურას, თავისი არსიდან გამომდინარე, სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების გააზრებასა და შეფასებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს, სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოქცეულ საქართველოში არაერთი კარიკატურით დასურათებული ბეჭდური გამოცემა ემსხვერპლა, რომელიც ცენზურის განსაკუთრებულ „ზრუნვის“ ობიექტს წარმოადგენდა.

1918 წლიდან დაწყებულმა თავისუფალმა გარემომ ხელოვანებს ახალი შესაძლებლობა მისცა. ცენზურის გარეშე იბეჭდებოდნენ სატირულ-იუმორისტული ხასიათის გამოცემები, სადაც მწვავე და კრიტიკულ პამფლეტებს მხატვრები ასურათებდნენ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მათი ნამუშევრები ხშირად ირონიულია, თუმცა, არა ცინიკური. მწვავედ ასახულ რეალობაშიც კი კეთილი მიზნები და უბოროტო იუმორი იკვეთება.

სიტუაცია რადიკალურად იცვლება 1921 წლიდან, როდესაც საბჭოთა იდეოლოგია უპირისპირდებოდა პიროვნებას, მის მე-ს, ინდივიდუალურ აზროვნებას და საერთო კოლექტიური ერთობის ჩამოყალიბების მოტივით, შიშითა და ტერორით ქმნიდა ახალ სინამდვილეს, სადაც ახალი ადამიანი, „საბჭოთა ინდივიდი“ შეიქმნა. საბჭოთა ცენზურამ კარიკატურა საკუთარი ბრძოლის იარაღად და პროპაგანდის საშუალებად აქცია.

 

საკვანძო სიტყვები: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა; კარიკატურა; ლადო გუდიაშვილი; შალვა ქიქოძე; მიხეილ ჭიაურელი;

Publicado
2024-07-01
Sección
სამეცნიერო სტატიები - ხელოვნების ისტორია