სამშენებლო წარწერები სკრის ხეობიდან
Resumen
დიდი ქართველი ისტორიკოსისა და გეოგრაფის, ვახუშტი ბატონიშვილის სახელთანაა დაკავშირებული შიდა ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიული შესწავლა. საციციანოს აღწერას ვახუშტი ბატონიშვილი სკრის ხეობის (გორის მუნიციპალიტეტი) აღწერით იწყებს და წერს: ,,დასავლით გორიჯურისა არს ხევი სკრისა, და მიერთვის სამხრიდამ მტკუარს. ამ ხეობის დასავლით არს ხუედურეთის ხეობა. გამოსდის საცხენისის მთას და მიერთვის სამხრიდამ მტკუარს. და არიან ესე ორნი ხეობანი ვენახოვანნი, ხილიანნი....აქაური ღვინო უმჯობესი ყოვლისა ქართლისა, და უმეტეს ატენური ყოველთა საქართველოს ღვინოთა; პირუტყვთა სიმრავლე თვინიერ.... ჰაერი კეთილი და შემკული, და მთათა დაბნები ეგრეთნი, ვითარცა მთისანი დავსწერენით, ნაყოფითა და პირუტყვითა“ (ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, 1973, 344). სკრის ხეობაში ექვთიმე თაყაიშვილმა იმოგზაურა 1896 წელს, აღწერა ისტორიული ძეგლები და სხვა მასალებთან ერთად გამოსცა[1]. (კრებულში ცალკეა გამოყოფილი სკრის ხეობა 59-65 გვერდები). აღწერილი ძეგლებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სოფელ კოშკების ღვთისმშობლის სახელზე აგებული ეკლესია, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება-ერთი, უფრო ძველი დარბაზული ნაგებობა მე-9 საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო მეორე ნაგებობა ამ ხეობის მფლობელმა შალიკაშვილებმა საკუთარ საძვალედ ააგეს და ზედ წარწერაც დაურთეს. ძეგლის ძველი ნაწილი ამჟამად დაზიანებულია, შალიკაშვილების ეკვდერი და წარწერა კი შემორჩენილია.
საძიებო სიტყვები: სკრის ხეობა, შალიკაშვილები, ღვთისმშობლის ეკლესია, საამშენებლო წარწერა,
[1] თაყაიშვილი ე., არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წგ., 1, ტფ., 1907.











