იეჰუდა ჩორნის მოგზაურობა ქუთაისში

  • DAVID CHOCHISHVILI ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი http://orcid.org/0000-0003-0627-5980

Resumen

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მოგზაურისა და მკვლევარის იეჰუდა ჰალევი ჩორნის მიერ ქუთაისის ებრაულ თემთან დაკავშირებული ეთნოგრაფიული, ისტორიული და კულტურული ასპექტების, ებრაელების ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის საკითხებზე.  მოგზაურის მიზანს წარმოადგენდა დაკარგული ათი ებრაული ტომის ნარჩენების მოძიება კავკასიასა და სპარსეთში, მათი წეს-ჩვეულებების, საცხოვრებელი ადგილის, ტოპონიმიკის, ისტორიული მასალების, მატერიალური სიძველეების, არტეფაქტებისა და სხვა დოკუმენტური მასალის გამოვლენა, შეძენა-შეგროვება. აგრეთვე მის ინტერესებში იყო ებრაული წარწერების, ეპიტაფიებისა და სხვა წერილობითი ძეგლების (მათ შორის ბიბლიის უძველესი ნიმუშების) მოძიება და შესწავლა. ამ მოგზაურობის დროს იეჰუდა ჩორნი ქუთაისში  სამჯერ იმყოფებოდა. მან ქუთაისის ებრაული თემის შესახებ ვრცელი ინფორმაცია დაგვიტოვა, რომელიც არა მხოლოდ ებრაელების ცხოვრების წესსა და ადათებზე მოგვითხრობს, არამედ ებრაელი სწავლული იძლევა რეკომენდაციებს, როგორ უნდა გამოვიდნენ მისი  თანამოძმენი დუხჭირი ცხოვრებიდან, როგორ გათავისუფლდნენ ცრუ რწმენა-წარმოდგენებისაგან და ეზიარონ ევროპულ განათლებას.   გორის, ცხინვალისა და სურამის მონახულების შემდეგ ჩორნი ქუთაისში პირველად 1869 წლის 5 ნოემბერს ჩავიდა,  მეორედ მომდევნო წლის გაზაფხულზე თანამგზავრებთან ერთად, ხოლო მესამედ საჩინოსკენ მიმავალს მოუწია ქალაქში დაყოვნებამ. მოგზაურმა აღწერა ევროპეიზაციის გზაზე დამდგარი ქალაქის მოსახლეობა, რომელსაც უჭირდა წარსულ ტრადიციებთან განშორება, მაგრამ კაპიტალიზმის განვითარებამ დღის წესრიგში სხვა გამოწვევები დააყენა. ქუთაისის გუბერნია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისათვის ებრაული მოსახლეობის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. ებრაელები ცხოვრობდნენ როგორც სოფლად, ასევე ქალაქად. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი ებრაელბა ქალაქ ქუთაიში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ცარიზმის პოლიტიკა მთელ რიგ შეზღუდვებს უწესებდა იმპერიის არარუს ხალხებს, როგორც სრულფასოვანი განათლების მიღების, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის საწარმოებლად, ადგილობრივი მოსახლეობა ეროვნული და რელიგიური შუღლის გარეშე ცხოვრობდა, რაც ევროპელი მოგზაურისთვისაც კი უნიკალურ შემთხვევას წარმოადგენდა.

საძიებო სიტყვები: ქართველები, ებრაელები, რელიგიური და ეთნიკური იდენტობა, დიასპორა.

Publicado
2021-12-22
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია