ალექსანდრე ხახანაშვილის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა

  • Mariam Koberidze ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., №53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-6604-1628

Resumen

ნაშრომში ალექსანდრე ხახანაშვილის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის შესწავლის მიზნით გაანალიზებულია მისი მრავალრიცხოვანი პუბლიკაციები და მონოგრაფიულად გამოცემული ნაშრომები. ამავე დროს გამოკვეთილია ალექსანდრე ხახანაშვილის, როგორც ეთნოგრაფის,  ღვაწლი ქართული ეთნოგრაფიული მასალების  შეგროვების, შესწავლის,  გამოცემისა და პოპულარიზაციის საქმეში. 

მოსკოვის უნივერსიტეტის  სტუდენტმა ალექსანდრე ხახანაშვილმა ეთნოგრაფიული საზოგადოების სხდომებზე წაიკითხა  საინტერესო რეფერატები: ,,მოხევეები“, ,,თუშები“, ,,ფშაველები“. სამეცნიერო კრებამ ის აირჩია ,,ბუნებისმეცნიერების, ანთროპოლოგიისა  და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საიმპერატორო საზოგადოების“ წევრად. პროფესორ ვ. ფ. მილერის რედაქტორობით გამოცემულ ,,საეთნოგრაფიო მასალების“ კრებულში დაიბეჭდა  მისი საყურადღებო ეთნოგრაფიული  წერილი ,,ფშაველებისა და მოხევეების შესახებ“.

 უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე  ხახანაშვილი  აქტიურად ჩაება  საველე მუშაობაში:  შემოიარა აღმოსავლეთ  იმიერკავკასიის, ყიზლარისა  და მოზდოკის მხარე და ორ ქართულ სოფელში ჩაიწერა  ეთნოგრაფიული მასალები. მან შეკრიბა, აღწერა და თავი მოუყარა საქართველოს მთიანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველ მასალას. განსაკუთრებით საინტერესოა თუშეთში ჩაწერილი მასალები. ეთნოგრაფიული კვლევისათვის მნიშვნელოვანი  წყაროს როლი  ენიჭება მის ნაშრომებს: ,,ეთნოგრაფიული მიმოხილვა“, ,,ახალი წლის დღესასწაული საქართველოში“, ,,თუშები“,  ,,მგზავრის დღიურიდან“,  ,,აპოკრიფები“, ,,ქართული სიტყვიერების ისტორია“ და სხვა.  მისი წერილები იბეჭდებოდა  ქართულ (,,ივერია“, ,,მწყემსი“, ,,კვალი“, ,,აკაკის თვიური კრებული“...) და რუსულ (,,საეთნოგრაფიო მასალები“, ,,ახალი მიმოხილვა“...) პრესაში.

ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საყურადღებოა  ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის  ისეთი ელემენტების განხილვა, როგორიცაა: გეოგრაფიული მიმოხილვა, განსახლების სტრუქტურა, ზნე-ჩვეულებანი, საქმიანობა, სოციალური ურთიერთობები, საქორწილო ტრადიციები, გლოვის წესები, რწმენა-წარმოდგენები, ტანსაცმელი, იარაღი, ხევისბერის ფუნქცია, მთისა და ბარისათვის დამახასიათებელი სპეციფიკა...

ალექსანდრე  ხახანაშვილმა მონაწილეობა მიიღო  1894 წლის 23 -31 აგვისტოს ჟენევის უნივერსიტეტში გამართულ ორიენტალისტთა X საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში. ეთნოგრაფიის სექციაში  ფრანგულ ენაზე წაიკითხა საინტერესო მოხსენება ,,უცხოელთა გავლენა საქართველოს ცივილიზაციაზე“. მოხსენებაში  ხაზი გაუსვა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას, ენას, ზნე-ჩვეულებებსა და კულტურულ ღირებულებებს,  უძველეს  ქართულ ცივილიზაციას (ურთიერთობები ბიზანტიასთან, ეგვიპტესთან,  სირიასთან...).

ალექსანდრე  ხახანაშვილმა, ერთ-ერთმა პირველმა,  დაიწყო ქართული აპოკრიფების შეგროვება, შესწავლა და გამოცემა.  მან ქართულ აპოკრიფებში დაინახა (ბერძნული, ლათინური, რუსული,  სომხური აპოკრიფებისაგან განსხვავებით)  ქართველი ხალხის სარწმუნოებრივი და ზნეობრივი მდგომარეობა, ისტორიული და კულტურული ღირებულებები.

 ალექსანდრე  ხახანაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ეთნოგრაფი, რომელმაც შეადგინა ,,პროგრამა ეთნოგრაფიული და იურიდიული ცნობების შესაკრებად“ (შედგება 1260 კითხვის,  11 თავისა და  12 ქვეთავისაგან).   ამ პროგრამის შედგენაში მონაწილეობდნენ მოსკოვის  უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტებიც.

საკვანძო სიტყვები: ალექსანდრე ხახანაშვილი, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა, ეთნოგრაფი, საველე მუშაობა, სულიერი კულტურა,  ორიენტალისტთა კონგრესი, ქართული კულტურის პოპულარიზაცია,  პროგრამა მასალების შესაკრებად.

Publicado
2022-07-05
Sección
სამეცნიერო სტატიები - ეთნოლოგიის სექცია