ალექსანდრე ხახანაშვილი და ბრიტანეთის მუზეუმის ქართული ხელნაწერები

  • MARIAM KOBERIDZE ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., №53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-6604-1628

Resumen

მსოფლიოს სხვადასხვა  ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში  არაერთი მნიშვნელოვანი ქართული ხელნაწერია  შემონახული. ალექსანდრე ხახანაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ხელნაწერებისა და საარქივო მასალების შეგროვების, გამოცემისა და პოპულარიზაციის საქმეში.

წინამდებარე სტატია ეხება ბრიტანეთის მუზეუმში (ლონდონში) დაცულ ხუთ ქართულ ხელნაწერს, რომელიც ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ იქნა აღწერილი და გამოქვეყნებული 1905 წელს ქართულ ენაზე და 1913 წელს რუსულ ენაზე. კვლევა ემყარება სამეცნიერო ლიტერატურას,   პრესისა და ალექსანდრე ხახანაშვილის ნამსახურეობის ამსახველ საარქივო მასალებს. ნაშრომი საყურადღებოა, ქართული კულტურის ისტორიისა და ხელნაწერების შესწავლისათვის.

ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ აღწერილი ხელნაწერებია: ,,წმინდა მამათა ცხოვრება“; ,,გალობანი ღვთისმშობლისანი“, ,,ლოცვანი“, ,,დავითნი“ და  ჟურნალი ,,მუშა“.

,,წმინდა მამათა ცხოვრება“ III-VIII საუკუნეების გამოჩენილ საეკლესიო მოღვაწეთა ცხოვრებასა და საქმიანობას აღწერს,  წარმოადგენს ტყავზე ხუცურად შესრულებულ 369 ფურცელს და შეიცავს  თორმეტი წმინდა მამის ცხოვრების ამსახველ თხზულებას. წმინდა მამების - ,,სტეფანესა და ნიკონის ცხოვრებიდან“ ირკვევა, რომ კრებული ნათარგმნია იოანე მოძღვრის ბრძანებით   საბას ლავრაში  იმ პირისაგან, რომლის თანამედროვენი არიან დასახელებული ცნობილი საეკლესიო მოღვაწეები: გიორგი, მიქაელ, საბა და არსენი. ტექსტში ნახსენებია ზარზმის მონასტერი.

1975 წელს ,,წმინდა მამათა ცხოვრების“ ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ცნობილმა ენათმეცნიერმა ვახტანგ იმნაიშვილმა. ნაშრომში ყურადღებას გავამახვილებთ, ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ აღწერილი ხელნაწერის მიმართებაზე ვახტანგ იმნაიშვილის მიერ გამოცემულ ხელნაწერთან.

ხელნაწერი X-XI საუკუნეებისაა და  ეკუთვნის იერუსალიმის ციკლის ქართული ხელნაწერების იშვიათ რიცხვს. ეს ხელნაწერი მუზეუმს შეუძენია 1837 წლის 11 ნოემბერს.

 ხელნაწერი ,,გალობანი ღვთისმშობლისანი“ გადაწერილია X-XI საუკუნეებში, ტყავზე, ხუცური ასოებით და ეკუთვნის იერუსალიმის ქართულ წიგნსაცავს.

ხელნაწერი ,,ლოცვანი“  შესრულებულია  ქაღალდზე ხუცური ასოებით და ეკუთვნის XVI-XVII  საუკუნეებს. ხელნაწერი ,,დავითნი“ ნაწერია ქაღალდზე ხუცური ასოებით  და ეკუთვნის XVII საუკუნეს.

მეხუთე  ხელნაწერი  ჟურნალი ,,მუშა“ (დედანი)  გამოდიოდა თბილისში 1889-1891 წლებში: 1889 წელს გამოვიდა ოთხი ნომერი, 1890 წელს ოთხი ნომერი და1891 წელს მხოლოდ ორი ნომერი. ეს ჟურნალი მუზეუმისათვის მიუძღვნია 1898 წლის 10 თებერვალს ცნობილ პოლიტიკოსს -  ვარლამ ჩერქეზიშვილს.

საკვანძო სიტყვები: ალექსანდრე ხახანაშვილი,  ბრიტანეთის ქართული ხელნაწერები, მამათა ცხოვრება, გალობანი ღვთისმშობლისანი, ლოცვანი, დავითნი, მუშა.   

Publicado
2021-12-27
Sección
სამეცნიერო სტატიები - წყაროთმცოდნეობა (ისტორიოგრაფია)