გალის რაიონში ქართველთა დეეთნიზაციის პრობლემისათვის (2008-2018 წწ)

  • KAKHA KVASHILAVA ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი http://orcid.org/0000-0001-7703-5568

Resumen

2018 წელს საქართველომ აღნიშნა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე. მეტიც, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 25 წელი შესრულდა და 26 აგვისტოს კი 10 წელი – რუსეთის მიერ, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებიდან.

აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა შექმნეს აპარტეიდული რეჟიმი აფხაზეთში, სადაც ადგილობრივი ქართველებისფუნდამენტური უფლებები უხეშად ირღვევა. ამ სიტუაციაში გალის რეგიონში ქართველთა აქტიური დეეთნიზაცია მიმდინარეობს, რომლის მიზანია ადგილობრივი ქართველების აღმოფხვრა საერთო ქართული პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური სივრციდან. ამის მისაღწევად სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა გალის რაიონში განათლების ენად ქართველთათვის რუსული დაადგინეს; აქტიურად მუშაობს პროპაგანდისტული მანქანა – ტელევიზია და ბეჭდური პრესა, რომლის ოფიციალური სამუშაო ენებია აფხაზური, რუსული და მეგრული. თუმცა ძირითადად ისინი მხოლოდ რუსულ ენაზე ფუნქციონირებენ. ამასთან ერთად, შექმნილია სპეციალური ბარიერები ქართველებისთვის ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისთვის. ხაზგასასმელია, რომ აფხაზ სეპარატისტებს და რუს ოკუპანტებს განსხვავებული შეხედულება აქვთ ქართველების დეეთნიზაციასთან დაკავშირებით. ორივე მხარე მათ მხოლოდ საკუთარ ბანაკში მოიაზრებს, რის გამოც ოკუპანტებსა და სეპარატისტებს შორის ერთგვარი დაპირისპირების საფუძველი იქმნება.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს მთელი თავისი შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე გალის ქართული მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, აპარტეიდის რეჟიმის პირობებში გალის ქართველებისთვის მხოლოდ ორი გზა რჩება: ან სრულად დაექვემდებაროს ზეწოლას (რაც მათი დეეთნიზაციით დასრულდება) ან გადასახლდნენ საქართველოს სხვა რეგიონებში. როგორც ვხედავთ, ორივე შედეგი უაღრესად კრიტიკულია საქართველოს მომავლისა და კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივით.

 

საკვანძო სიტყვები: კონფლიქტი აფხაზეთში, გალის რაიონი, დეეთნიზაცია, ქართველები, საქართველო.

Publicado
2021-12-23
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია