საქართველოს დამფუძნებელი კრების წინასაარჩევნო კამპანია
Resumen
დამფუძნებელ კრებას საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების განსაზღვრა, ქვეყნის ძირითადი კანონის - კონსტიტუციის შემუშავება და დამტკიცება ევალებოდა. დამფუძნებელი კრების დებულებით განსაზღვრული იყო 130 დეპუტატის არჩევა საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი არჩევნების გზით, პროპორციული სისტემის საფუძველზე. საარჩევნო ხმის უფლება რესპუბლიკის ორივე სქესის მოქალაქეებს გააჩნდათ 20 წლის ასაკიდან.
არჩევნები 1919 წლის 14-16 თებერვლისათვის დაინიშნა. მთელი საქართველო ერთ საარჩევნო ოლქად გამოცხადდა და დადგინდა ელექტორატის რიცხვი - 876 910 ამომრჩეველი. ჩამოყალიბდა ცენტრალური საარჩევნო კომისია (თავმჯდომარე სოციალ-დემოკრატი ალექსანდრე ლომთათიძე), საქალაქო, სამაზრო, სოფლის საზოგადოებებისა და წვრილი სასოფლო (საუბნო) საარჩევნო კომისიები.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 15 პარტია, კავშირი და ჯგუფი, რომელთა შორის ქართული პოლიტიკური პარტიების გარდა, იყვნენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციებიც. საარჩევნო სუბიექტების სიებში კანდიდატთა რაოდენობა ჯამში 550-ს აღემატებოდა, მათ შორის დასახელებული იყო 26 ქალიც.
წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზებულ გარემოში, მაგრამ გამჭვირვალედ წარიმართა. პოლიტიკური ძალების მძაფრი საარჩევნო ჭიდილი მკაფიოდაა ასახული მათ ლოზუნგებსა და სარეკლამო მასალებში (პლაკატები, ტრანსფარანტები, სააგიტაციო ფურცლები, საგაზეთო განცხადებები) და გაშუქებულია წინამდებარე სტატიაში.
დაძაბული ფონის მიუხედავად, მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ გამოეხატათ პოლიტიკური ნება და ხმა მიეცათ სასურველი საკანდიდატო სიისათვის. არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელმაც ხმების 84 %-მდე დააგროვა, 109 მანდატი მიიღო და ქვეყნის პოლიტიკურ საჭეს დაეუფლა. დანარჩენი 21 ადგილი ეროვნულ-დემოკრტებმა, ფედერალისტებმა სოციალისტ-რევოლუციონერებმა გაინაწილეს.
იმის გამო, რომ არჩევნები რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ვერ მოეწყო, საჭირო გახდა დამატებითი არჩევნების დანიშვნა. პირველი დამატებითი არჩევნები 1919 წლის აგვისტოში, ხოლო მეორე - 1920 წლის მაისში ჩატარდა. დამატებით არჩევნებს დამფუძნებელი კრების ძალთა ბალანსი დიდად არ შეუცვლია, რომელიც, საბოლოოდ, ასე ჩამოყალიბდა: 102 მანდატი დარჩა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, 9 - საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას, 8 - საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, 6 - საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას, 3 - დაშნაკცთიუნსა და 2 მანდატი - საქართველოს ეროვნულ პარტიას.
წინასაარჩევნო პროცესში და არჩევნების დღეს გამოიკვეთა ზოგიერთი შეუსაბამობა და დარღვევა, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან ძალადობისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე ფაქტი.
საკვანძო სიტყვები: საქართველო, დემოკრატიული რესპუბლიკა, დამფუძნებელი კრება, პოლიტიკური პარტია, ელექტორატი, არჩევნები.











