,,შენ ის ხარ რასაც ჭამ’’ - სტაბილური იზოტოპების მნიშვნელობა არქეოლოგიაში
Resumen
წინამდებარე სტატია განიხილავს სტაბილური იზოტოპების ანალიზს თეორიულ, მეთოდოლოგიურ ჭრილში და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას არქეოლოგიურ კვლევებში. კვლევა ეფუძნება ინტერდისციპლინურ მიდგომას და აერთიანებს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეთოდებს, რაც საშუალებას იძლევა ადამიანის ცხოვრების ისეთი ასპექტების რეკონსტრუქციას, რომლებიც ტრადიციული არქეოლოგიური მონაცემებით რთულად იდენტიფიცირდება.
სტატიაში დეტალურადაა განხილული სტაბილური იზოტოპების გამოყენება კვებითი რაციონის, მობილობისა და გარემოსთან ურთიერთობის შესასწავლად. იზოტოპური სიგნალები არ წარმოადგენს პირდაპირ „სარკისებურ“ ანარეკლს, არამედ საჭიროებს ეკოლოგიური, ბიოლოგიური და კულტურული ფაქტორების ერთობლივ ინტერპრეტაციას. სტატიაში ნაჩვენებია ნიმუშის შერჩევის, კოლაგენის ხარისხისა და ძვლის დიაგენეზის გავლენა მონაცემთა სანდოობაზე. ასევე სტატისტიკური ანალიზის აუცილებლობა როგორც მონაცემთა ინტერპრეტაციის განუყოფელი ეტაპი. ეს ყოველივე კი წარმოჩენილია ერთ–ერთი კვლევის მაგალითზე, რომელშიც ნაჩვენებია თუ როგორ ასახავს სტაბილური იზოტოპები მეცხოველეობის განსხვავებულ სტრატეგიებს, შესაძლო მობილობასა და მცენარეთა კულტივაციის საკითხებს.
ნაშრომი ხაზს უსვამს, რომ სტაბილური იზოტოპების მრავალპროფილური გამოყენება აუცილებელია თანამედროვე ქართულ არქეოლოგიურ კვლევებში. გარდა ამისა, გასააზრებელია, რომ სტაბილური იზოტოპური მონაცემების ინტერპრეტაცია ეფექტურია მხოლოდ მონაცემთა ბაზებთან, სტატისტიკურ ანალიზთან და არქეოლოგიურ კონტექსტთან ინტეგრაციაში.
საკვანძო სიტყვები: ბიოარქეოლოგია, მეთოდოლოგია, მონაცემთა ბაზა, პალეოდიეტა, სტაბილური იზოტოპები











