ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება ბათუმში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში

  • RUSUDAN KOBRAVA ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი ქ. ბათუმი http://orcid.org/0009-0001-4682-4772

Resumen

ბათუმის რუსეთის იმპერიაში შესვლისა და „პორტო-ფრანკოდ“ გამოცხადების შემდეგ(1878 წ.) ქალაქში დაიწყო უცხოური კაპიტალის შემოდინება, მრეწველობისა და ვაჭრობის აღორძინება. ბათუმი გახდა ბაქოს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გატანის მთავარი ცენტრი. ნავთობთან დაკავშირებული საწარმოების გარდა დაიწყო  მრეწველობის სხვა დარგების განვითარება.მათ შორის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება.

ღვინის წარმოებას პირველად მოჰკიდა ხელი ქართველმა მეწარმემ ვლადიმერ დანელიამ. 1907 წელს მან ბათუმში დააარსა ღვინის მწარმოებელი და ექსპორტიორი ფირმა „დანელია და კომპანია“. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია ბათუმში. კომპანიამ დაიწყო სხვადასხვა დასახელების ღვინოების და საგვარეულო ტექნოლოგიით თაფლით და ფიჭით დამუშავებული საეკლესიო ღვინის წარმოება. პროდუქციას სხვადასხვა ქვეყნებში ბათუმის ნავსადგურით აგზავნიდა.

უცხოელ მეწარმეთაგან ბათუმში საქმიანობდნენ ბერძენი ძმები  ა.და პ.კუცურები.1865 წელს მათ დააარსეს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ფირმა და გახსნეს არაყის,ლიქიორისა  და კონიაკის ქარხანა. ქარხანაში ამზადებდნენ სხვადასხვა სახისა და ხარისხის ალკოჰოლურ სასმელებს. მასალად იყენებდნენ სპირტს, ადგილობრივ ხილსა და კენკრას. 

1888 წლიდან ქალაქში ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებდა გრიგოლ დანიელოვი, რომელიც იყო ოდესის ლუდსახარში ქარხნის წარმომადგენელი ბათუმში.  დანიელოვის ორთქლის, არაყ-ლიქიორისა და კონიაკის ქარხანაში მზადდებოდა  უმაღლესი ხარისხის ფრანგული და კავკასიური ლიქიორები, ბალზამი, რომი, შამპანური, კონიაკი, სუფრის არაყი. პერიოდულად ხდებოდა პროდუქციის წარდგენა საერთაშორისო გამოფენებზე.

 XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ბათუმში  ფუნქციონირებდა ს.მ. დვალის, მ.ს. კალანტაროვისა და ო.პ მეგავორიანის არაყის ქარხნები, ასევე  ღვინის საწყობები, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან კასრებითა და ბოთლებით ჩამოჰქონდათ მზა ღვინო. ადგილზე  ხდებოდა მისი  ეტიკეტირება და რეალიზაცია.

საკვანძო სიტყვები: საეკლესიო ღვინო; ლიქიორი; არაყი; კონიაკი; ღვინის საწყობი.

Publicado
2026-06-08
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია