ფრონის ხეობის მოსახლეობა 1715 წლის რუისის სამწყსოს დავთრის მიხედვით (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
Resumen
ნაშრომში, 1715 წლის რუისის სამწყსოს დავთრის მიხედვით, საუბარია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ტკოცის, დუმაცხოს (ახლანდელი დუმაცხოვის), ფლევის, ალის, ქინძათის, ნაბახტევის, ბრილის, წაბლუანას (წაბლოვანას), ქემფერის, ცედანის, ოძისის, უთხვას (ურთხვას), ბიჯნისის, ჩუმათელეთის, ზინდისის, იტრიას, დაბა სურამის, ზე სურამის, ბეკამის, ტეზერის, ბეღლითის, მონასტრის, ციხისძირის, შოლისპირის, ქვიშხეთის, ტაშისკარის, სავანისხევის, გორათის, შინდარას, ხაშურის, ოსიაურის, ზემო ჭალის, ლუბრუმას, ახალსოფლის, სატივეს, ძვისას (აძვისის) და ვაყის შესახებ.
როგორც აღწერიდან ჩანს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში უმრავლესობა ქართული მოსახლეობა იყო, ქართველთა გვერდით ცხოვრობდნენ ებრაელები და სომხები. წყაროში ხშირად ვხვდებით ტერმინს - ურიაყოფილი, რაც ებრაელთა გაქართველებაზე უნდა მიგვითითებდეს. 1715 წლის მონაცემებით, მთლიანად ფრონის ხეობაში სამი ოსის ოჯახი ცხოვრობდა, აქედან ერთი - ახალსოფელში, ორი კომლი კი - დღეს უკვე ოკუპირებულ სოფელ თიღვაში.
ცალკე ყიზილბაშებისა და ოსმალების მოძალებამ და ცალკე ლეკიანობამ მძიმე დაღი დაასვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ბევრი მათგანი ნასოფლარად იქცა, სადაც XIX საუკუნეში დასავლეთ საქართველოდან, ძირითადად, იმერეთიდან გადმოსახლებული კომლები მკვიდრდებიან. ქართველების გვერდით თანდათან იმატებს ჩრდილო კავკასიიდან მოსული ოსური ოჯახების რიცხვიც.
რუისის საეპისკოპოსო დავთრის ანალიზის პარალელურად ნაშრომში ყურადღება ეთმობა თითოეული სოფლისა თუ დღეს უკვე ნასოფლარის ლოკალიზებას, წარსულის მიმოხილვას, სოციალურ ურთიერთობებსა და სოფლების მფლობელთა ვინაობას.
ერთმანეთთანაა შედარებული როგორც რუისის სამწყსოზე უფრო ადრინდელი, ისე შემდგომი პერიოდის დემოგრაფიული ნუსხები, ნაჩვენებია თუ როგორ იცვლებოდა ათეული წლების მანძილზე თითოეული სოფლის მოსახლეობის დინამიკა და გამოკვეთილია დღეს არსებული დემოგრაფიული ვითარება.
საკვანძო სიტყვები: ხაშურის მუნიციპალიტეტი, ფრონის ხეობა, რუისის სამწყსო, დავთარი, კამერალური აღწერები, მამული, კომლი, მოსახლეობა.











