ახალციხური ფილიგრანის თხრობითი კომპოზიციები
Resumen
დიდი ხანი არაა რაც საქართველო კოლონიალური მარწუხებისგან განთავისუფლდა, თუმცა პროცესი ჯერ კიდევ ბოლომდე არ დამთავრებულა. სამწუხაროდ რთული ისტორიულ-პოლიტიკური, თუ სოციალურ-ეკონომიკური წარსულიდან გამომდინარე ჩვენი ქვეყნის მუზეუმებში არსებული უნიკალური კოლექციების ნაწილი არაა ფუნდამენტურად შესწავლილი, შესაბამისად მრავალ საუკუნოვანი ისტორიის ფურცლები ჯერ კიდევ შესავსებია. ამ მოსაზრებას ამყარებს საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ფილიგრანის კოლექცია, რომელიც მრავალწახნაგოვან საკვლევ მასალას წარმოადგენს. აღნიშნული კოლექციის შესახებ ფუნდამნტური კვლევა დღემდე არ გამოქვეყნებულა, რაც ნაშრომს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს. კოლექციიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ორი ექსპონატი: დეკორატიული თეფში ირმის გამოსახულებით და ზარდახშა აფხაზური ზღაპრის მოტივებით. სტატიაში შევეცდებით გამოვკვეთოთ ამ ნამუშევრების ეთნოგრაფიული მნიშვნელობა, მხატვრულ-ტექნიკური მახასიათებლები და ისტორიული ფონი, რომლის წიაღშიც შეიქმნა ეს მხატვრული შედევრები.
ორივე ექსპონატი იმ ეპოქის ანარეკლია, რომელიც საკმაოდ დატვირთული იყო მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებით შესაბამისად ნამუშევრების შესწავლა საშუალებას მოგვცემს დავინახოთ თუ რა კვალს ტოვებს ქვეყნის მდგომარეობა კულტურულ მემკვიდრეობაზე.
გასაკვირი არაა, რომ ნამუშევრებში გარდა ადგილობრივი ტრადიციებისა მჟღავნდება აღმოსავლური, თუ დასავლური კულტურების გავლენები. ხელოვნებაში, განსაკუთრებით ლითონმქანდაკებლობაში მთავარი ფიგურა დამკვეთია, რომლის გემოვნება, მატერიალური მდგომარეობა და მოთხოვნები, ხშირად განსაზღვრავს ნამუშევრის დონეს. ეს ყველაფერი თავის მხრივ დამოკიდებულია ქვეყნის ისტორიულ მდგომარეობაზე, მის ურთიერთობაზე მეზობელ ქვეყნებთან. საქართველო მუდამ გახსნილი იყო სხვა კულტურებისადმი, მაგალითად საკვლევ პერიოდში თბილისს ხშირად ადარებდნენ იანუსს, რომელიც ერთი სახით აღმოსავლეთისკენ, ხოლო მეორე სახით დასავლეთისკენ იმზირებოდა. აქ თანაარსებობდა ჩოხა და ფრაკი, ჩიხტიკოპი და შლიაპა, ფორტეპიანო და დუდუკი.
საკვანძო სიტყვები: ფილიგრანი, სახოვანი კომპოზიციები, ლითონმქანდაკებლობა, ახალციხე, XIX-XX საუკუნეები.











