ფლავიუსების აღმოსავლური პოლიტიკა და ქართლი (იბერია)

  • DAVID CHOCHISHVILI ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი გორი, ჭავჭავაძის ქ. N53, 1400, საქართველო http://orcid.org/0000-0003-0627-5980

Resumen

ფლავიუსების დინასტიის მმართველობა (ახ. წ. 69-96 წწ.) წარმოადგენდა რომის იმპერიის სტაბილიზაციისა და ახალი პოლიტიკურ-სამართლებრივი რეალობის ჩამოყალიბების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს. დინასტიის დამფუძნებელმა ტიტე ფლავიუს ვესპასიანემ (Titus Flavius Vespasianus) (69–79 წწ.) ძალაუფლება ხელში აიღო ე.წ.  „ოთხი იმპერატორის წლის“ ქაოსის შემდეგ, როდესაც ნერონის გარდაცვალებამ სამოქალაქო ომები და ძალაუფლების კრიზისი წარმოშვა (Levik, 1999:49-51). მისი აღმასვლა ეფუძნებოდა აღმოსავლეთის ლეგიონებისა და პროვინციების მხარდაჭერას, რაც ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ იმპერატორის ლეგიტიმაცია არა მხოლოდ რომაული სენატის ნებართვაზე, არამედ სამხედრო ძალისა და პროვინციალურ ელიტებთან ალიანსზეც იყო დამოკიდებული. ვესპასიანემ ფისკალური რეფორმებით განამტკიცა სახელმწიფო სახსრები, დაამკვიდრა ფინანსური დისციპლინა და გამოიყენა რესურსები, როგორც სამხედრო ძალის შესანარჩუნებლად, ისე მასშტაბური საჯარო მშენებლობებისთვის (მაგ., კოლიზეუმის მშენებლობის დაწყება). ამით მან ორიენტაცია გააკეთა „სახალხო კეთილდღეობასა“ და იმპერიის პრესტიჟის მატებაზე.

მომდევნო იმპერატორის ტიტუსის (Titus Flavius Vespasianus) (79–81წწ.) მმართველობა უფრო ხანმოკლე იყო, თუმცა სიმბოლურად უფრო მნიშვნელოვანი. აჯანყებული იუდეის დამარცხების, იერუსალიმის ალყისა და ტრიუმფის შემდეგ იგი აღიქმებოდა, როგორც გამარჯვებული სარდალი, ხოლო იმპერატორობისას მისი პოლიტიკა მიმართული იყო ხალხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ვულკან ვეზუვის ამოფრქვევისა და რომში გაჩენილი ხანძრის დროს ტიტუსმა გამოიჩინა მზრუნველი მმართველის სახე, რითაც კიდევ უფრო განამტკიცა დინასტიისადმი ერთგულება.

ფლავიუსების დინასტიის ბოლო წარმომადგენლის დომიციანეს (Titus Flavius Caesar Domitianus Augustus) (81–96წწ.) ეპოქამ კი დინასტიის მემკვიდრეობა სხვა მიმართულებით განავითარა. იგი ისწრაფოდა ავტორიტარული მართვისკენ, ხაზს უსვამდა იმპერატორის უზენაესობას და ხშირად ამცირებდა სენატის როლს. მიუხედავად ამისა, დომიციანემ გააძლიერა სახელმწიფო ბიუროკრატია, განავითარა სამხედრო ინფრასტრუქტურა და ხელი შეუწყო პროვინციების დაცვას.

ფლავიუსების დინასტიის აღმოსავლური პოლიტიკა მიზნად ისახავდა რომის იმპერიის მიერ აზიის მცირე პროვინციების კონტროლის შენარჩუნებას და რეგიონის სტაბილიზაციის უზრუნველყოფას (Levik, 1999:74-78). ვესპასიანეს მმართველობის პერიოდში ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო იუდეის ომის დასრულებაზე[1] (66–70 წწ.), რის შედეგადაც რომის არმიამ დომინანტური ძალაუფლება დაამყარა იუდეაში იერუსალიმის ტაძრის დანგრევით. ეს სამხედრო კამპანია წარმოადგენდა არა მხოლოდ გაბატონების პოლიტიკურ აქტს, არამედ სარიტუალო და სიმბოლურ მნიშვნელობასაც ატარებდა იმპერიის სუვერენიტეტის დემონსტრირებისთვის.

ამასთან, ფლავიუსები აქტიურად თანამშრომლობდნენ აღმოსავლეთში ადგილობრივ ელიტებთან, პროვინციების პოლიტიკური და სამხედრო ინტეგრაციის მიზნით. ტიტუსმა ეს პოლიტიკა კიდევ უფრო განავითარა და მოაწყო სამხედრო ოპერაციები სირიასა და ეგვიპტეში, რაც უზრუნველყოფდა სავაჭრო გზების დაცვას და პროვინციების ეკონომიკურ სტაბილიზაციას. დომიციანემ კი გაძლიერებული ცენტრალიზებული კონტროლი დაამყარა აღმოსავლეთის პროვინციებზე.

ფლავიუსების დინასტიის მმართველობის პერიოდში ქართლი, როგორც კავკასიის ერთ-ერთი სტრატეგიული სამეფო, ფორმალურად ინარჩუნებდა შიდა ავტონომიას, თუმცა პოლიტიკურ და დინასტიურ საკითხებში მნიშვნელოვნად დამოკიდებული იყო რომის იმპერიაზე. იმპერიის მიზანი იყო აღმოსავლეთის სტაბილურობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით პართიის გავლენის ბალანსირების მიზნით, რის გამოც ქართლის მეფეები ვალდებული იყვნენ დათანხმებულიყვნენ რომაული პოლიტიკის მოთხოვნებს, დაემტკიცებინათ ერთგულება ჩართულნი ყოფილიყვნენ სამხედრო და დიპლომატიურ კონტაქტებში. ამავე დროს, ქართლის სამეფო ინარჩუნებდა გარკვეულ დამოუკიდებლობას შიდა ავტონომიის ფარგლებში, რაც საშუალებას აძლევდა ადგილობრივ მმართველებს, შეენარჩუნებინათ პოლიტიკური გავლენა და საშინაო საქმეების სრული დამოუკიდებლობა.

 საძიებო სიტყვები: რომის ისტორია, იმპერატორი, ვესპასიანე, ფლავიუსების დინასტია, იუდეა, აღმოსავლური პოლიტიკა, ქართლი (იბერია), მოკავშირე.

 

[1] იუდეის ომი (66–73 წწ.) იყო მასშტაბური პროვინციული აჯანყება რომის იმპერიაში, რომელიც გამოწვეული იყო ფისკალური წნეხითა და ადმინისტრაციული ძალადობით. მისი დასასრული – იერუსალიმის ალყა და მეორე ტაძრის დანგრევა (70 წ.) – წარმოადგენდა რომაული სამხედრო ძალის დემონსტრირებას აღმოსავლეთში და ფლავიუსების დინასტიის პოლიტიკური ლეგიტიმაციის საფუძველს.

Publicado
2025-12-27
Sección
სამეცნიერო სტატიები - მსოფლიო ისტორიის სექცია (ძველი ისტორია)