პონტოსპირეთის Ἀχαιοί: ანტიკური წყაროები და ონომასტიკური პარალელები

  • LELA CHOTALISHVILI ფილოლოგიის დოქტორი პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი კლასიკური ენების მასწავლებელი, თსუ ენების შემსწავლელი ცენტრი ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, 0179, თბილისი, საქართველო http://orcid.org/0009-0003-3205-6981

Resumen

ნაშრომში წარმოდგენილია ანტიკურ წყაროებში დადასტურებული ეთნონიმის Ἀχαιοί კომპლექსური ანალიზი ორ გეოგრაფიულ არეალში – საბერძნეთსა და პონტოსპირეთში. კვლევა ეფუძნება მულტიდისციპლინურ მეთოდოლოგიას, რომელიც აერთიანებს ანტიკური წერილობითი წყაროების კრიტიკულ ანალიზს, ონომასტიკურ კვლევას, ეტიმოლოგიურ და ლინგვისტურ მიდგომებს, აგრეთვე ისტორიულ-შედარებით მეთოდს.

ეთნონიმი Ἀχαιοί ანტიკურ წყაროებში გვხვდება ორ პარალელურ კონტექსტში. პონტოსპირეთში ეს ტომი მოიხსენიება, როგორც ველური და მომთაბარე ხალხი, რომლის განსახლებას შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ მონაკვეთზე ტრადიცია ორი ვერსიით ხსნის: იასონის არგონავტების ექსპედიციით (ტროის ომამდე) ან ტროის დაცემის შემდგომი მიგრაციით. საბერძნეთში იგივე ეთნონიმი გვხვდება პელოპონესზე (ძველი აქაია, არგოსი, მიკენი). გარდა ამისა, ჰომეროსი Ἀχαιοί-ს იყენებს ბერძნული ტომების განმაზოგადებელ სახელად.

პონტოსპირეთში Ἀχαι- ძირისგან წარმოებული ონომასტიკური მასალის სიუხვე (ეთნონიმი Ἀχαιοί, ტოპონიმები: παλαιά Ἀχαΐα, Ἀχαΐα κώμη, ჰიდრონიმი Ἀχαιοὺς, ეპითეტი Ἀχαϊκόν) მიუთითებს ამ სახელწოდების ღრმა ისტორიულ ფესვებზე რეგიონში. ეტიმოლოგიური კვლევების მიხედვით, ძირი წინაბერძნული, არაინდოევროპული წარმომავლობის უნდა იყოს (*Akaywa-), რაც მნიშვნელოვანია ორი რეგიონის ონომასტიკური პარალელების გაგებისთვის. ქართულ თარგმანებში ეთნონიმის პარალელური ფორმების (აქაჲები, აქეები, აქეელები, აქაველები...) არსებობა მიუთითებს სანორმო ტერმინოლოგიის შემუშავების საჭიროებაზე. ლინგვისტური ანალიზის საფუძველზე რეკომენდებულია პონტოსპირეთის ტომისთვის ფორმები აქაჲები ან აქაჲელები, ხოლო საბერძნეთის ტომისთვის − აქაველები.

საბერძნეთისა და პონტოსპირეთის აქაჲების კავშირის ახსნა შესაძლებელია ორი ჰიპოთეზით: ფონეტიკური მსგავსებითა და კალკირებით (ადგილობრივი სახელწოდების ბერძნული ადაპტაცია და ეტიოლოგიური მითების შექმნა) ან საერთო წინაბერძნული სუბსტრატის გავლენით (ერთი არაინდოევროპული ფუძის შენარჩუნება ორივე რეგიონში, დაკავშირებული II ათასწლეულის მიგრაციულ პროცესებთან). კვლევამ გამოავლინა ქართველურ და მედიტერანულ ენობრივ სამყაროში პარალელური ტოპონიმებისა და ეთნონიმების სისტემური შესწავლის აუცილებლობა, რაც შესაძლებელს გახდის ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორიის რეკონსტრუქციის ახალი სამეცნიერო მიდგომის შემუშავებას.

 

საკვანძო სიტყვები: Ἀχαιοί, პონტოსპირეთი, ონომასტიკა, წინაბერძნული სუბსტრატი, ანტიკური წყაროები, ქართული თარგმანი.

Publicado
2025-12-27
Sección
სამეცნიერო სტატიები - მსოფლიო ისტორიის სექცია (ძველი ისტორია)