კონტაქტები აქემენიდურ სამყაროსთან საქართველოს გლიპტიკური ძეგლების მიხედვით
Resumen
აქემენიდურ ირანსა და კოლხეთ-იბერიას შორის არსებული პოლიტიკური, რელიგიური, კულტურული და ეკონომიური კონტაქტების შესახებ საკმაოდ დიდი ინფარმაციის მომწოდებელია არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ არქეოლოგიაში აქემენიდური ირანის თემა შემოიტანა იულონ გაგოშიძემ, რომელიც ერთ-ერთი პირველი მკვლევარია, რომელმაც აღნიშნული პრობლემის მრავალპლანიანი ასპექტით შესწავლის აუცილებლობა დაასაბუთა. ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული ზ. ბრაგვაძეს, რომელსაც სრულიად ვეთანხმებით. მას საქართელოში აღმოჩენილი ირანული არტეფაქტები განხილული აქვს, როგორც სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-რელიგიური ურთიერთობების შედეგი.
სამეცნიერო ლიტერატურაში ჩამოყალიბებულია აზრი, რომ კოლხეთში სახელმწიფო შეიქმნა ძვ.წ. VI ს-ში და ამ სამეფოს აღმავლობის პერიოდად მიჩნეულია ძვ.წ. -VI-IV სს-ბი, ანუ აქემენიდური ირანის ძლიერების ხანა. როგორც ცნობილია, სტრაბონის ცნობით კოლხეთი ამ დროს დაყოფილია სკეპტუხებად ხოლო დარიოს I-ის რეფორმების შედეგად ირანი დაყოფილია სატრაპიებად, აქვე უნდა გავიხსენოთ ლეონტი მროველიც - ფარნავაზმა სამეფო დაყო ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებად, საერისთაოებად და რაც მთავარია, მან ეს რეფორმა გაატარა და სამეფო მოაწყო სპარსთა სამეფოს მსგავსად. ანუ, სახელმწიფოს მოწყობის ირანული მოდელი ქართლის (იბერიის) სამეფოში ამოქმედდა აქემენიდების სახელმწიფოს განადგურების შემდეგ, ძვ.წ. III საუკუნეში. არქეოლოგ ზურაბ ბრაგვაძის აზრით ეს მეტად საყურადღებო გადმოცემაა, რადგან კარგად წარმოაჩენს, რომ ირანში შემუშავებული და განხორციელებული რეფორმები ამ სამეფოს შემდეგაც აქტუალური და მისაბაძი იყო. მისაბაძი იყო აგრეთვე ეკლექტიკური აქემენიდური ხელოვნებაც, რომელსაც ნასესხები ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნების (ასურეთის, ბაბილონის, ელამის, ურარტუს, საბერძნეთის და სხვა. ) ხელოვნების დეტალები, და მიუხედავად ამისა, მთლიანობაში აქემენიდური ხელოვნება მაინც სფეციპიკურად ირანულად რჩებოდა.
იგივე შეიძლება ითქვას აქემენიდური გლიპტიკის შესახებაც. ჯ. ბორდმანის აზრით აქემენიდური გლიპტიკის ძეგლებში ბერძნული და სპარსული სტილის მკვეთრად გამიჯვნა რთული საკითხია და ზოგჯერ დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. აქემენიდურ საბეჭდავების მასალად უმეტესად სხვადასხვა ფერის ქალცედონი იხმარებოდა - დიდი სიყვარულით სარგებლობდა რძისფერი, განსაკუთრებით კი ცისფერი ქალცედონი-საფირინი. იშვიათად იყენებდნენ აგრეთვე აგატსა და სარდიონსაც. გლიპტიკოს ქეთევან ჯავახიშვილის მიერ განსაზღვრულია საქართველოში აღმოჩენილი აქემენიდური გლიპტიკის ძეგლების ფორმები: ცილინდრული, კონუსური, პირამიდული, სკარაბეოიდისა და მრავალწახნაგა.
ჩვენ ამ ჩამონათვალს დავუმატეთ კავთისხევის ციხიაგორის სატაძრო კომპლექსში და მის მიმდებარედ სამაროვანზე აღმოჩენილი სამკუთხა და ოთხკუთხა ფორმის სახელურიანი ბრინჯაოს საბეჭდავები რომელთა ინტალიოზე აღბეჭდილი სიუჯეტები აქემენიდური ხელოვნების ზეგავლენით ადგილობრივად არიან შექმნილნი.
საკვანძო სიტყვები: აქემენიდური გლიპტიკის ძეგლები; ციხიაგორა; ბრინჯაოს სამკუთხა სახელურიანი საბეჭდავი; ბრინჯაოს ოთხკუთხა სახელურიანი საბეჭდავი.











