ვნების პარასკევის მსახურება - შობა-ნათლისღების რიტუალის სათავე (ქართული ლიტურგიკული პრაქტიკის მაგალითზე)
Resumen
სტატია მიზნად ისახავს ვნების პარასკევის, შობისა და ნათლისღების მსახურებებს შორის საღვთისმეტყველო და მუსიკალურ-ჰიმნოგრაფიული კავშირების დადგენას და ვნების პარასკევის, როგორც განგებათა სათავის, პირველსაწყისი ლიტურგიკულ-სახისმეტყველებითი მნიშვნელობის წარმოჩენას ქართულ საეკლესიო ტრადიციაზე დაყრდნობით.
კვლევის საფუძველია სხვადასხვა ეპოქის ქართული და ბერძნული ლიტურგიკული წყაროები, „ჭრელთა ნუსხები“ და საგალობელთა სანოტო ჩანაწერები, რომლებზე დაყრდნობითაც იკვეთება სამი განგების საერთო ჰიმნოგრაფიულ-მუსიკალური მახასიათებლები — იდენტური ძლისპირები, საერთო პოეტური ფორმები და რიტმულ-მელოდიური მოდელები.
სტატიაში ყურადღება ეთმობა შობა-ნათლისღების წინადღესასწაულთა სამსაგალობლების მიმართებას ვნების კვირის კანონთა ციკლთან; აგრეთვე, ვნების პარასკევის, შობისა და ნათლისღების „ჭრელი“ მუხლების ურთიერთკავშირს.
გამოკვლეულია წმიდა თეოფანე გრაფტოსის ვნების პარასკევის სერობის კანონისა და ანტონ კათალიკოსის საუფლო კვართის საცისკრო კანონის კავშირი კოზმა იერუსალიმელის ვნების პარასკევის სამსაგალობელთან. ამათან, „შეხვეტილიანი“ — ვნების პარასკევის ცისკრის საგალობელთა ციკლი განხილულია, როგორც შემკვრელი და გამაერთიანებელი სხვადასხვა ხმისა და განგების ძლისპირთა ჰანგებისა.
საკვანძო სიტყვები: ვნების პარასკევი, შობა, ნათლისღება, სამეუფეო ჟამები, სამსაგალობელი, წმ. კოზმა იერუსალიმელი, ქართული ლიტურგიკული პრაქტიკა.











