კოპალა, ვეშაპი და გიგანტომაქია: ღვთაებრივი ძალისა და ეთიკის დუალიზმი ქართულ მითოლოგიაში
Resumen
კოპალას მითოლოგიური პერსონაჟი ხევსურულ და ზოგად ქართული მითოლოგიური ტრადიციის კონტექსტში, წარმოადგენს ავთენტურ და მეტად საინტერესო კომპლექსურ სახეს. სტატიაში წარმოდგენილია კვლევა მისი როლის, თვისებებისა და მასთან დაკავშირებულ წმინდა ადგილებს შესახებ, როგორიცაა მაგალითად ვეშაგურისგორი, რომლის ეტიმოლოგიაც უცნობია. კვლევა კოპალას განიხილავს სემანტიკურ და ლექსიკოლოგიურ კონტექსტებში, იკვლევს მის სახელთან დაკავშირებულ სხვადასხვა ქართულ საკუთარ სახელებს: ჰომონიმებს, გვარებსა და ტოპონიმებს.
ხევსურულ მითოლოგიაში კოპალა წარმოჩენილია როგორც მამრობითი სქესის ღვთაება, ძლიერი და მაგიური ძალის მქონე, ეშმაკებისაგან დამცველი, მთებთან, ჯადოქრობასთან და წმინდა რიტუალებთან დაკავშირებული ფიგურა, რაც შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის უძველეს კიბელეს კულტთან და სასანური ირანის პერიოდის მითრას კულტთან ქმნიდეს პარალელებს.
სტატიაში აგრეთვე განხილულია სხვა ძირითადი მითოლოგიური მოტივები, მათ შორის ვეშაპის სიმბოლური მნიშვნელობა; ხევსურულ მითებში არსებული მორალური და ეთიკური კანონები და გმირების როლი, როგორიცაა ცისკარი და კვირია.
კვლევა მიმოიხილავს შედარებით მითოლოგიურ სიუჟეტებს საბერძნეთის, ხეთური, ნორდული, ინდური და მესოპოტამიური ტრადიციებიდან, ხაზს უსვამს ღვთაებებსა და ადამიანების ურთიერთობის ფორმებს, ეთიკური რეგულაციებისა და ომის სამართლიანობის თემას. სტატია ასევე იკვლევს თეოლოგიურ ასპექტებს, როგორიცაა ანგელოზები და ეშმაკები ღვთის წინაშე, და პარალელებს ბიბლიურ და აპოკრიფულ ნარატივებთან, მათ შორის სოლომონის აღთქმასთან.
ლექსიკოლოგიური, სემანტიკური და კომპარატიული მიდგომების კომბინაციით, ეს კვლევა გამოკვეთს ხევსურულ მითებში არსებულ ნარატივურ სისტემას, აშუქებს კავშირს ეთიკურ კოდებს, საზოგადოებრივ ღირებულებებსა და საქართველოს მაღალმთიანეთში მითოლოგიური მსოფლაღქმის ფორმირებაში.
საკვანძო სიტყვები: კოპალა; ხევსურული მითოლოგია; ქართული მითები; ვეშაპი/ვიშაპი; ვეშაგურისგორი; კომპარატიული მითოლოგია; ლექსიკოლოგია; წმინდა ადგილები; ღმერთებისა და ადამიანების ურთიერთობა; ეთიკური კოდები; კიბელე; მითიური გმირები; ცისკარი; კვირია; გიგანტომაქია; სოლომონის აღთქმა; კოსმოგონია; რიტუალური პრაქტიკები.











