სტალინის პოლიტიკა 1940 წლის სამთა პაქტის დადების წინ

  • VAZHA CHOCHIA ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ქ. გორი, ჭავჭავაძის გამზირი 53. http://orcid.org/0000-0003-1500-279X

Resumen

სტატიაში ნაჩვენებია საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკა აღნიშნულ პერიოდში, მისთვის დამახასიათებელი ხასიათის გათვალისწინებით, რაც ხშირად დიპლომატიური შეცდომების წყარო იყო. სტალინი დასავლეთის მიმართ სიძულვილს იჩენდა, ამის გამო მას უჭირდა მოვლენების ობიექტურად შეფასება და მოწინააღმდეგის სტრატეგიული და ტაქტიკური ჩანაფიქრის ამოცნობა. ასეთმა მიდგომამ განაპირობა ის გარემოება, რომ სტალინმა უარი თქვა დასავლეთის სახელმწიფოებთან კავშირზე და 1939 წლის 24 აგვისტოს გერმანიასთან გააფორმა თავდაუსხმელობის პაქტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლოტოვმა და რიბენტროპმა. ბუნებრივი იქნებოდა, რომ სტალინს პარტნიორად ინგლისი და საფრანგეთი აერჩია და ამით გერმანიის აგრესიული ქმედებები შეესუსტებინა, მაგრამ 1938 წლის მიუნხენის გარიგებამ სტალინს ეჭვები გაუჩინა ლონდონისა და პარიზის მიმართ. სტალინს კარგად ესმოდა, რომ აშკარა მტერთან მეგობრული ხელშეკრულების დადება არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში, სტალინმა უფრო ხელსაყრელად მიიჩნია ჰიტლერთან მოკლევადიანი ხელშეკრულების დადება, მოახლოებული ომის თავიდან აცილების მიზნით. იმავე დროს, დასავლეთისგან განსხვავებით, ბერლინი მოსკოვს სთავაზობდა დამატებითი მატერიალური და ტერიტორიული სარგებლის პერსპექტივას. ჰიტლერი აღფრთოვანებით შეხვდა თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერას, რადგან ეს ნიშნავდა, რომ გერმანიას არ მოუხდებოდა ორ ფრონტზე ბრძოლა. პატქის გაფორმების პერიოდში, სტალინის ურთიერთობა ჰიტლერთან იმ ვარაუდს ემყარებოდა, რომ გერმანიის ნებისმიერი მცდელობა, დაეპყრო საფრანგეთი, დროში გაიწელებოდა და ჰიტლერი ვერ შეძლებდა ყურადღება საბჭოთა კავშირზე გადაეტანა. სტალინის ეს ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. ის გაკვირვებული იყო, როცა 17 აგვისტოს მოსკოვში მიიღეს ცნობა, რომ გერმანელები პარიზში შევიდნენ. ჰიტლერი მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდა მასშტაბური ომის გასაჩაღებლად საბჭოთა კავშირთან. ეს ნათელი გახდა, როდესაც 1940 წლის 16 დეკემბერს ჰიტლერმა მოიწონა საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმა "ბარბაროსას" სახელწოდებით.

სტალინთან შეთანხმების თანახმად, გერმანიის ხელმძღვანელობა ინარჩუნებდა მეგობრულ ნეიტრალიტეტს ბალტიისპირეთში საბჭოთა კავშირის აგრესიული მოქმედების მიმართ. ამის შედეგი იყო ის, რომ 1940 წლის ივლისის ბოლოს ბალტიისპირეთის სამი სახელმიფო გაქრა ევროპის პოლიტიკური რუკიდან. მსოფლიო საზოგადოებრივმა აზრმა მკვეთრად დაგმო საბჭოთა კავშირის მოქმედება, შეაფასა ის აგრესიად და არ ცნო ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ანექსია. მოსკოვი ასევე აქტიურობდა რუმინეთში და მოითხოვდა ბესარაბიისა და ჩრდილოეთ ბუკოვინის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალის გამოყენებით იმუქრებოდა. ბერლინში ეშინოდათ საბჭოთა ჯარების შესვლის შესაძლებლობისა, რაც რუმინეთის ნავთობისა და სურსათის მდიდარი რესურსებისაგან მოწყვეტდა გერმანიას. ბერლინის ზეწოლით რუმინეთმა დათმო, თუმცა საბჭოთა კავშირს გადაეცა მხოლოდ ბუკოვინის ჩრდილოეთი ნაწილი ქალაქ ჩერნოვცით. მოსკოვის დამოკიდებულებამ რუმინეთისადმი გააუარესა ურთიერთობები მოსკოვსა და ბერლინს შორის, რადგან რუმინეთის ნავთობის რესურსები აუცილებელი იყო გერმანიის სამხედრო ეკონომიკისთვის. მდგომარებას ართულებდა აგრეთვე ბულგარეთისა და უნგრეთის პრეტენზიები რუმინეთის ტერიტორიაზე, რადგან ომის შემთხვევაში საბჭოთა ჯარები შევიდოდნენ რუმინეთში.

საერთაშორისო ურთიერთობებს ახალი საფრთხე დაემუქრა 1940 წლის სექტემბრის ბოლოს, როცა 27 სექტემბერს ხელი მოაწერეს სამი სახელმწიფოს პაქტს (გერმანია, იტალია, იაპონია) 10 წლით. ეს იყო აგრესორი ქვეყნების ძალთა კონსოლიდაცია, რომელიც აშკარა საფრთხეს წარმოადგენდა მშვიდობისათვის. ამ მოვლენის ობიექტურად შეფასების ნაცვლად, მოსკოვის გავლენით მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აღვივებდნენ ანტიბრიტანულ და ანტიამერიკულ ისტერიას და დასავლეთის სახელმწიფოებს საბჭოთა კავშირის მთავარ მტრებად მიიჩნევდნენ. ამ უხეში შეცდომის შედეგებს სტალინი მალე დაინახავს, როცა ქვეყანას დიდი უბედურება დაატყდება თავს გერმანიის მუხანათური თავდასხმის შედეგად 1941 წლის 22 ივნისს. ჰიტლერი ემზადებოდა რა საბჭოთა კავშირზე თავდასხმისათვის სტალინის შეცდომაში შესაყვანად სთავაზობდა მას ერთობლივი პოლიტიკის გატარებას, რომელიც მიზნად ისახავდა ბრიტანეთის იმპერიის გაყოფას იმ პირობით, თუ საბჭოთა კავშირი შეუერთდებოდა სამი სახელმწიფოს პაქტს, მაგრამ ამის გარეშეც, ორი დიქტატორის იმპერიური ამბიციები მხოლოდ მათ დაპირისიპრებას უნდა გადაეწყვიტა.

საკვანძო სიტყვები: სტალინი, მოლოტოვი, რიბენტროპი, მოსკოვი, ბერლინი.

Publicado
2020-12-29
Sección
სამეცნიერო სტატიები-მსოფლიო ისტორიის სექცია (ახალი ისტორია)