ცხავატის ხეობის მოსახლეობა XIX საუკუნის 70-იან წლებში
Resumen
ნაშრომში საუბარია ისტორიული ცხავატის ხევის სოფლებზე. საკვლევი თემიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა XIX საუკუნის 70-იან წლებში ცხავატის სოფლებში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებას, ამასთან მიმოხილულია ხეობის ისტორიულ-გეოგრაფიული გარემო, სოციალური და ეკონომიკური საკითხები. საუბარია სოფლის რელიგიური ყოფასა და იქ არსებულ სალოცავებზე, მათ შორის VIII-IX საუკუნეების მაცხოვრის ეკლესიაზე, სადაც შემორჩენილია ხელოსან ინა კალატოზის მოსახსენებელი უძველესი ლაპიდარული წარწერა.
სოფლის მოსახლეობა თითქმის ყველა ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავდა: ღვთისმშობლობას, ლომისობის, გიორგობას, კვირაცხოვლობას, მთავარანგელოზობას, ბარბარობას... ეკლესიების გარდა ცალკე ნიშებიც ჰქონდათ აგებული.
სოფლის დემოგრაფიული სურათის წარმოსაჩენად მიმოხილულია XVIII საუკუნის მეორე ნახევრის სამთავისის საყდრის გამოსავლის დავთარი, ქსნის საერისთავოს 1774 და 1783 წლების სტატისტიკური აღწერილობები, 1774-1800 წლების დავთარი ზემო ქართლის სოფლებიდან „გასაყვანი მორიგისა“, რომელთა მეშვეობითაც ვეცნობით შესაბამისი პერიოდის სოფლის მოსახლეობის დინამიკას, მათზე დაკისრებულ გადასახედებს, სოფლის მეურნეობის დარგებს, ყმა-გლეხებსა და მებატონეთა შორის არსებულ ურთიერთობებს.
XIX საუკუნის წყაროების ანალიზი 1803 წლის საუფლისწულო აღწერით იწყება, რასაც რუსული კამერალური აღწერები მოსდევს, დაწყებული 1804 წლიდან 1886 წლის აღწერის ჩათვლით. XX საუკუნის მოსახლეობაზე საუბარია 1923 წლის, ასევე 1939, 1959, 1970, 1979 და 1989 წლების საკავშირო აღწერების მიხედვით. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა XXI საუკუნის დასაწყისისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციის შემდგომდროინდელ ვითარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ XIX-XX საუკუნეების კამერალური თუ საკავშირო აღწერების უმრავლესობა, ქვეყნდება პირველად, რაც საკვლევ თემას უფრო მნიშვნელოვანსა და აქტუალურს ხდის.
სოფლის წარსულის უკეთ წარმოსაჩენად, ისტორიულ წყაროებთან ერთად ყურადღება ეთმობა ქსნის ხეობის მოსახლეობაში შემორჩენილ ფოლკლორულ მასალას.
საკვანძო სიტყვები: ცხავატის ხეობა, დემოგრაფიული ნუსხები, კამერალური აღწერა, კომლი, ეკლესია-მონასტრები, ქსნის ერისთავები, ყმა-გლეხები, მიგრაცია, ოკუპაცია.











