საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაცია და მოსახლეობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობები 1921-1923 წლებში

  • OTAR JANELIDZE ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი http://orcid.org/0000-0003-0132-4341

Resumen

1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესია ბოლშევიკებმა ქვეყნის განთავისუფლებად გამოაცხადეს. საბჭოთა ისტორიოგრაფიამაც ეს შეხედულება უკრიტიკოდ გაიზიარა და ამით მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ქართული სინამდვილე მიზანმიმართულად გააყალბა.

წინამდებარე  ნაშრომი წარმოადგენს ცდას, ახლებურად გავიაზროთ საბჭოთა ხელისუფლების დამკვიდრების პირველი წლები საქართველოში, ვაჩვენოთ ახალი რეჟიმისადმი ქართველი საზოგადოების დამოკიდებულების ტრანსფორმაცია და ავხსნათ მისი გამომწვევი მიზეზები.

დამოუკიდებლობის სამმა წელმა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა ქართველი ხალხის ცნობიერებაზე. მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მოასწრო საკუთარი სახელმწიფოებრიობის განცდა, რის გამოც, მისი დაკარგვა მტკივნეულად აღიქვა. პირველ ხანებში ემოცია ჭარბობდა პრაგმატიზმს, მერე კი უკმაყოფილებამ ორგანიზებული პროტესტის ფორმა შეიძინა.

უნდობლობა ორმხრივი იყო:  საზოგადოების სხვადასხვა ფენა ეჭვით შეხვდა ახალ რეჟიმს. ხელისუფლებამაც (რეჟიმმა) საზოგადოების ამ სეგმენტის მიმართ შეურიგებელი პოზიცია დაიკავა, იგი მტრად დასახა და სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა.

მოსახლეობის გამოსვლებს საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ თავიდან მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა, თუმცა მალე სვანეთში ანტისაბჭოთა აჯანყებამ იფეთქა, 1922 წელს კი იარაღი ფშავ-ხევსურეთმაც აღმართა.

განმათავისუფლებელი ბრძოლის ლიდერობა ანტისაბჭოთა პარტიებმა ითავეს. მათი საპროტესტო მოძრაობა არალეგალურად წარიმართებოდა. მთავარი ლოზუნგი საქართველოს საზღვრებიდან წითელი არმიის გაყვანისა და დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნა იყო.

ბოლშევიკები არ ერიდებოდნენ დამთრგუნველი ღონისძიებების გამოყენებას. რეპრესიები მასობრივ ხასიათს იღებდა. მოწინააღმდეგედ მიჩნეული ადამიანების ფიზიკური ლიკვიდაცია, საპყრობილეებში ჩასმა, გადასახლება, სამშობლოდან გაძევება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. 1923 წლის 20 მაისს საქართველოს საგანგებო კომისიის დადგენილებით, გაუსამართლებლად დახვრეტეს ,,სამხედრო ცენტრის“ სრული შემადგენლობა  და სხვ.

საბჭოთა პრესაში არცთუ იშვიათად იბეჭდებოდა ახალი სინამდვილით აღფრთოვანების გამომხატველი კორესპონდენციები. მათ ზოგჯერ მუშათა ან გლეხთა ჯგუფების კოლექტიური ხელმოწერებიც ახლდა, მაგრამ ამ შეკვეთილი თუ რედაქციების მიერ მომზადებული წერილების სულისკვეთება ვერ გამოდგება საზოგადოებრივი განწყობის ბარომეტრად. უფრო გულწრფელი ის მუშები ჩანან, რომლებმაც 1921 წლის ივლისში თბილისში ჩამოსული ი. სტალინი, ნაძალადევის კლუბში შეხვედრისას, საქართველოს დაპყრობაში დაადანაშაულეს.

         ქართული პოლიტიკური ემიგრაცია იმედოვნებდა, რომ საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში მალე დაემხობოდა, რადგან მას აქ არ გააჩნდა საფუძვლიანი დასაყრდენი და საერთაშორისო ვითარებაც ბოლშევიკებისათვის  არახელსაყრელად იცვლებოდა.

         1921-1923 წწ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებისადმი რამდენიმე განსხვავებული მიმართება გამოიკვეთა: მოსახლეობის უღარიბესი ნაწილი, რომლის მდგომარეობა რეალურად გაუმჯობესდა, რეჟიმის ერთგული გახდა, უფრო მეტმა  ბოლშევიკთა სოციალური დემაგოგიის დაიჯერა და მათ უკეთესი ცხოვრების მოლოდინით მიემხრო. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს  ხელისუფლებისადმი ლოიალობა რეპრესიების შიშმა აიძულა, ზოგიც იმავე გზას ტაქტიკური მოსაზრებით დაადგა, სრულიად უკომპრომისონი კი შერიგების ნაცვლად, ახალი აჯანყებისათვის ემზადებოდნენ.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, საბჭოთა რეჟიმი, საპროტესტო მოძრაობა, საგანგებო კომისია (ჩეკა), აჯანყებები.

Publicado
2025-12-25
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია