ხევსურული მითოსის თანავარსკვლავედი და მისი პარალელი დოდონას კულტთან: ქაჯის ქალების კულტი, რიტუალი და სარიტუალო საკვები
Resumen
დოდონას საკურთხეველი, რომელიც საბერძნეთში, ეპიროსის რეგიონში მდებარეობს, ხმელთაშუა ზღვის აუზის ერთერთი უძველესი საკულტო ცენტრია. ჰეროდოტეს მიხედვით (ისტორია 2: 54-57), ეგვიპტის თებეს ქურუმებმა ძვ.წ. მე-5 საუკუნეში აღწერეს ორი ღვთისმსახური ქალის ამბავი, რომლებიც ფინიკიელებმა[1] მოიტაცეს თებედან. ერთი ამ ქურუმ ქალთაგან ლიბიაში გაყიდეს, მეორე კი ჰელინებს (ბერძნებს) მიჰყიდეს. ჰეროდოტეს მიხედვით, სწორედ ამ ქურუმ ქალებს დაუარსებიათ დოდონას კულტის ტაძრები ლიბიასა და საბერძნეთში. მითის მიხედვით დგინდება, ლიბიის სივასა და საბერძნეთის ეპიროსს შორის მჭიდრო კულტურული ერთობა, რასაც, შესაძლოა, ფინიკიურ კულტურასთან რელიგიური კულტმსახურების მსგავსება განაპირობებს.
დოდონასთან დაკავშირებულ მითებში ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო შავი მტრედის სიმბოლიკაა. მათი „სიშავე“ არაერთ ინტერპრეტაციასა და სიმბოლურ დატვირთვას შეიცავს. შესაძლოა, შავი ფერი (რომელიც ბერძნულად pel- ფუძით გადმოიცემა), იყოს მითიური გმირების პელევსისა და პელოპსის ფუძე, რომლებიც სიბნელესა და მიწისქვეშეთს უკავშირდებიან. ეს ეტიმოლოგიური კავშირი, შესაძლებელია მიგვანიშნებდეს დაფარულ, მივიწყებულ მითოლოგიურ სიმბოლურ კავშირზე, რომელსაც მოგვიანებით დოდონას ქურუმი ქალები დაუკავშირდნენ. ამ ქურუმ ქალებს ჩვენ ვიცნობთ როგორც „პლეადებს“, „თანავარსკვლავედებს“ და „მტრედებს“. ტერმინი „მტრედი“ შესაძლოა მეტაფორულად აღწერდეს კიდევაც ამ ქალების როლს: მათს ღვთაებრივ წარმომავლობას და წინასწარმეტყველების უნარს.
ხევსურულ მითოლოგიურ სისტემასა და ლიტურგიულ პრაქტიკაში, მტრედები მიიჩნევიან წინასწარმეტყველების მომტანად, ანგელოზებად, ღვთის წარმოგზავნილებად. ისინი განუცხადებენ ადამიანებს ღვთის ნებას, სალოცავის (ჯვრის) დაარსების ადგილის შესახებ. შავი მტრედი, დიდი დედის (კიბელეს) კულტის მსახურ მოხუც ქალს განასახიერებს (მაგალითად თუშურ მითოლოგიაში დორაისხეველის მსახური ხიბალ-კუდიანები[2]), ვინც ფლობს კურნების უძველეს ცოდნას, სიბრძნეს - რამაც მოგვიანებით მაგიის ჯადოქრობის მნიშვნელობა შეიძინა. ისინი ეშმაკეულ, ბოროტ ძალებად მიიჩნევიან, მაგრამ ამავდროულად, ღვთის შვილთა თანაშემწეები და მათი დამხმარეები არიან.
შავი მტრედების, თუ თანავარსკვლავედის (პლეადების, ხომლის) შესახებ გადმოცემები ხმელთაშუა ზღვის აუზის კულტურათა ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მითოლოგიური ელემენტების ურთიერთკავშირი უნდა ასახავდეს ბრინჯაოს ეპოქის კულტურათა რელიგიური ტრადიციების გადმონაშთს; მათს უწყვეტობასა და ლეგიტიმაციაზე მეტყველებს.
დოდონას კულტის არსებობის გამოძახილს უნდა წარმოადგენდეს ხევსურეთში შემორჩენილი და მყარად ფესვგადგმული კულტი ქაჯის ქალებისა. ეს გადმოცემები ნათელს ჰფენენ ხმელთაშუა ზღვის აუზისა და ბერძნული სამყაროს ამ ბუნდოვანი პერიოდის კულტურასა და რწმენა-წარმოდგენებს.
და ბოლოს, მტრედების, პლეადების, ხომლის შესახებ მითები გვეხმარება უფრო ღრმად ჩავიხედოთ ხმელთაშუა ზღვის აუზის რელიგიურ სინკრეტიზმში. მის მაგალითზე ვხედავთ და მითოლოგიური გადმოცემების მეშვეობით ვამყარებთ კავშირს დროითა და სივრცით დაშორებულ კულტურებსა და ტრადიციებს შორის. შესაბამისად, შეგვიძლია გავიაზროთ დოდონას კულტის მნიშვნელობა და სიწმინდე. ეგვიპტური და ბერძნული ელემენტების გახსენებით და ხევსურულ მითებთან დაკავშირებით ვცდილობთ ქართველურ ტომთა იდენტობის დადგენას და ძველ მსოფლიოსთან მათი კლტურული მიკუთვნებულობის საკითხისათვის ნათელის მოფენას. ეს გადმოცემები მოწმობენ ადამიანის მუდმივ მცდელობას ერთ სისტემად აღიქვას სამყარო, მიწიერი და ზეციური და ამოხსნას ყოფიერების განმსაზღვრელი დაფარული საიდუმლო.
ამრიგად, ხევსურული მითოლოგიური კანონის (ანდრეზის) მიხედვით, ქაჯის ქალებს განსაზღვრული აქვთ მკაფიო რელიგიური ფუნქცია. ისინი ერთდროულად წარმოადგენენ უძველესი კოსმოგონიური წესრიგის უმაღლეს ღვთაებებს და, ამავდროულად, ქრისტიანულ ეპოქაში ინარჩუნებენ სრულიად განსაკუთრებულ ადგილსა და ფუნქციას - იცვლიან სქესს, ხორციელ-უხორცო მდგომარეობას, გადაინაცვლებენ მიწიერსა და ზეციერს შორის. ისინი ასოცირდებიან ფრინვლებთან, რძესა და რძის პროდუქტებთან, სარიტუალო კანონთან და გარეგნულ მორთულობასთან. ამრიგად, ქაჯის ქალები დგანან ხილულისა და უხილავის ზღვარს შორის, ისინი არც მიწიერნი არიან და არც ღვთიურნი - ერთდროულად მიუწვდომლებიც და აუცილებელნიც ადამიანური ყოფისათვის, - ერთდროულად ღვთაებანიც და მათი განსახიერება მტრედებიც.
საკვანძო სიტყვები: ხევსურული მითოლოგია; თუშური მითოლოგია; კიბელეს კულტი (ნაყოფიერების დიდი დედის კულტი); რძის პროდუქტები საკულტო სამზარეულოში; პლეადები (შვიდი და, შვიდი ვარსკვლავი; სამძიმარი / სამძივარი; დორაისხეველი (დემონური ქალური ფიგურა თუშურ ფოლკლორში).
[1] ფინიკიელების მიერ თებედან ქურუმი ქალების მოტაცების ამბავს უნდა უკავშირდებოდეს სამძივარისა და სხვა ქაჯის ქალების მოტაცების ამბავიc. ამ კონტექსტში შეიძლება გავიხსენოთ ხეთურ სარიტუალო ტექსტებში ქარზაველი ალის მნიშვნელობა და ფუნქცია (Mouton, .2013), (Gambashidze M, Gambashidze N., 2023).
[2] დორაისხეველისა და ხიბალ-კუდიანების შესახებ იხ. (Gambashidze Nino (Author), Gambashidze Maya (Editor, 2025, გვ. 57-72)











