ბათუმი - ნავთობის ექსპორტის მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრი (XIX საუკუნის ბოლო - XX საუკუნის დასაწყისი)

  • JEMAL KARALIDZE ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-7179-0455

Resumen

1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთმა კიდევ უფრო გააფართოვა სამფლობელოები კავკასიაში. ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით აჭარა ბათუმითურთ რუსეთს გადაეცა. ბათუმს განესაზღვრა პორტო-ფრანკოს-თავისუფალი სავაჭრო ნავსადგურის სტატუსი. იმჟამინდელი ბათუმი პატარა ქალაქი იყო მცირერიცხოვანი მოსახლეობით. თუმცა მას გააჩნდა ბრწყინვალე ბუნებრივი ყურე, რაც მომავალში გახდა ბათუმის განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორი. ბათუმის მოხერხებულმა სატრანზიტო მდებარეობამ მალე მიიპყრო ცნობილი მრეწველების-ნობელებისა და როტშილდების ყურადღება. ბათუმი გახდა ბაქოს ნავთობის ექსპორტის ძირითადი ცენტრი, რამაც მოითხოვა ტრანსპორტირების საკითხის ეფექტურად გადაჭრა - ბაქო-ბათუმის სარკინიგზო ხაზის გაყვანა და ბათუმში გამტარუნარიანი ნავსადგურის მშენებლობა. 1883 წელს ბათუმი რკინიგზით ბაქოს დაუკავშირდა, ხოლო 1885 წელს დასრულდა ბათუმის ნავსადგურის მშენებლობა, რომელსაც ცალკე ნავსადგომი ჰქონდა ნავთობპროდუქტების გადასატვირთად.

                  XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან რუსეთი მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. მაშინ ნავთობის ექსპორტის ორი სახე არსებობდა: სატარო(ჭურჭლით) და გადასხმითი (ტანკერებით). ბათუმიდან ნავთობის ექსპორტის ძირითად სახედ იმთავითვე სატარო ფორმა განისაზღვრა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ტარის დასამზადებელი საწარმოების დაარსება. ტარის დასამზადებელი პირველი საწარმო ბათუმში დააფუძნეს ინჟინრებმა ბუნგემ და პალაშკოვსკიმ 1883 წელს. მოგვიანებით ბათუმში ამოქმედდა ნობელების, როტშილდის, სიდერიდისისა და რიხნერის, საჩატურიანცის, მანთაშევის, ძმები ცოვიანოვების და სხვა ქარხნები.

        ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეუფერხებელი ექსპორტი მოითხოვდა ბაქოდან ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობის გაზრდას, რამაც დღის წესრიგში დააყენა ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის გაყვანის აუცილებლობა. ნავთობსადენი არა მარტო გაზრდიდა გადმოქაჩული ნავთობის მოცულობას, არამედ 2/3-ით შეამცირებდა ტრანსპორტირების ხარჯებსაც. ნავთობსადენი 1900 წელს გაიხსნა და მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 60 000 000 ფუთს შეადგენდა. რამაც ბათუმიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი არნახულად გაზარდა. მან პიკს 1902 წელს მიაღწია და 78 338 800 ფუთი შეადგინა.

      ნავთობის ექსპორტმა განსაზღვრა ბათუმის სამრეწველო განვითარების ხასიათი, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ვაჭრობის განვითარებას, საქალაქო ცხოვრების აღმავლობას. 25 წლის მანძილზე ბათუმი რუსეთის იმპერიის მნიშვნელოვან სამრეწველო-სავაჭრო ცენტრად, ხოლო კავკასიაში თბილისისა და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქად გადაიქცა.

      წარმოდგენილ ნაშრომში შესწავლილია ბათუმიდან ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები: სამრეწველო საწარმოების დაარსება და საქმიანობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის სტატისტიკური მონაცემები, ნავთობის ექსპორტის როლი ბათუმის ეკონომიკურ განვითარებაში და საერთოდ მისი გავლენა ქალაქის სოციალურ, დემოგრაფიულ ვითარებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

 

საკვანძო სიტყვები. ბათუმი; ნავთობის ექსპორტი; პორტი; რკინიგზა; ნავთობსადენი; მრეწველობა; ნობელები; როტშილდი.

Publicado
2025-06-17
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია