წმინდა გიორგის ქართველთა ეკლესია ტრაპიზონში: იდენტიფიცირება და მდებარეობა
Resumen
სტატიაში საუბარია ფრანგი ავტორის ჟულიენ ბორდიეს 1609 წლის ერთ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც ტრაპიზონში, გამაგრებული ქალაქის შიგნით დამოწმებულია იმხანად ქართველთა მფლობელობაში მოქმედი ეკლესია. ავტორის მტკიცებით, ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისა ყოფილა და ის მანამდე კათოლიკეებს სჭერიათ. ნარატიული ცნობის გარდა, წმინდა გიორგის ქართველთა ეკლესია, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით – საეკლესიო კომპლექსი ტაძრით, სამრეკლოთი, კოშკითა და დამხმარე ნაგებობით, ასევე დატანილია ავტორისავე მიერ შედგენილ ქალაქის გეგმაზე. ქართულ სამეცნიერო წრეებში ხსენებული ცნობა აქამდე არ განუხილავთ. რაც შეეხება უცხოელ მეცნიერებს, თვითმხილველი ფრანგი დიპლომატის ეს კონკრეტული ცნობა დაწვრილებითი შესწავლის საგანი არ გამხდარა, მიუხედავად იმისა, რომ წყარო მეტ-ნაკლებად ცნობილია 1935 წლიდან. საამისოდ სახელდებოდა მარტივი მიზეზები – რომ ეკლესია სხვამხრივ უცნობი იყო, ანაც XVII საუკუნის დასაწყისში ოსმალურ ტრაპიზონში ქართული და, ზოგადად, ქრისტიანული ეკლესია ნაკლებ სავარაუდო იყო. საკითხისადმი სკეპტიკური მიდგომა და უყურადღებობა ასევე მნიშვნელოვნად იყო განპირობებული არსებული ერთგვარი სტერეოტიპული წინასწარგანწყობით, რომ ტრაპიზონში და, ზოგადად, ჭანეთში (ლაზეთში) ქართულ ეკლესიას არასდროს უმოქმედია.
წინამდებარე კვლევით მიზნად დავისახეთ ბორდიეს კონკრეტული ცნობების ყურადღებით შესწავლა და ანალიზი. ყოველივე ამან, მიგვაჩნია, რომ საგულისხმო ფაქტები და გარემოებები გამოკვეთა ქართველთა ეკლესიის იდენტიფიცირებისა და მისი მდებარეობის გარკვევის მხრივ. აღნიშნული შედეგები ხელს შეუწყობს ტრაპიზონის ისტორიულ ტოპოგრაფიაში უკეთ გარკვევას, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, წინ წასწევს ამ მხარეში ქართული თუ ქართულთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის კვლევის საკითხსა და თავად ასეთი კვლევების წარმოების საჭიროებას.
საკვანძო სიტყვები: ტრაპიზონი; ქართული ეკლესია; წმინდა გიორგის ეკლესია; XVII საუკუნე; იდენტიფიკაცია; მდებარეობა; ჟულიენ ბორდიე.











