XI-XII საუკუნეების საქართველოსა და ორონტის ანტიოქიის კულტურულ-ისტორიული ურთიერთობებიდან

  • NESTAN CHKHIKVADZE ფილოლოგიის დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ.კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საქართველო, თბილისი,

Resumen

წინამდებარე  სტატიაში განხილულია XI-XII ს-ში ორონტის ანტიოქიაში, კერძოდ, შავი მთის, საკვირველ მთისა და კასიუსის მთის ბერძნულ და ამასთანავე ქართულ მონასტრებში დამკვიდრებული ქართული ბერმონაზვნობის სამწიგნობრო საქმიანობის განმაპირობებელი მოტივები, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გამყარების მიზნით საქართველოს  სამეფო კარისა (ბაგრატ IV, დავით IV აღმაშენებელი) და ეკლესიის  ცნობილ მოღვაწეთა (გიორგი ათონელი, ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი) მიერ გადადგმული ნაბიჯები.

საკვლევ მასალად გამოყენებილია 1031-1216 წწ-ში  ქრისტიანობის ამ მულტუკულტურულ სივრცეში შექმნილი ქართული ლიტურგიკული,  აგიოგრაფიული  კრებულები და ბიბლიური წიგნები. განხილულია როგორც ამ ხელნაწერებში შემავალი თხზულებების სალიტერატურო წყაროები (ბერძნული, სირიული,  არაბული), ასევე ხელნაწერებზე დართული კოლოფონები. ჩატარებული კვლევის მიზანია ყურადღება გაამახვილოს არა  ხელნაწერი წიგნების ლიტერატურულ მნიშვნელობაზე, არამედ  განიხილოს ისინი როგორც კონკრეტული ეპოქის კუტურულ-ისტორიული ვითარების ამსახველი  წყაროები.

კვლევის პროცესში  ხელნაწერთა კოდიკოლოგიური და რედაქციული თავისებურებების შესწავლამ ნათელი გახადა, რომ ბიზანტიის მეორე ბატონობის პერიოდში ორონტის ანტიოქიაში გადაწერილი ქართული ხელნაწერები გვაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ქართველი ბერმონაზვნობის მჭიდრო კავშირზე როგორც აღმოსავლური ქრისტიანობის უდიდეს სამონასტრო ცენტრთან- საბაწმინდასთან, ასევე ანტიოქიაში   მოღვაწე ბერძენ თუ არაბ მწიგნობრებთან, ბიზანტიური სამონასტრო ცხოვრების რეფორმატორ ნიკონ შავმთელთან, და  მცირე ალექსანდრიის (ამჟ. ისქანდერუნი) სასულერო წრეებთან. 

კვლევის შედეგებად გამოიკვეთა, რომ  ქართველ მწიგნობართა და სამეფო კარის (დავით IV აღმეშენებელი) საქმიანობა   მიზნად ისახავდა ქართული ეკლესიასა და ანტიოქიის საპატრიარქოს შორის არსებული ისტორიული კავშირების რესტავრაციას, რის  გამოვლინებასაც წარმოადგენდა ანტიოქიის წმინდანებისადმი  მიძღვნილი თხზულებების თარგმნა,  ეფრემ მცირის მიერ  ქართლის მოქცევის ისტორიის შედგენისას ბერძნულენოვანი სირიული წყაროების გამოყენება,  ქართლში არსებული შიომღვიმის მონასტრის ცხოვრების ორგანიზაცია  სვიმეონწმინდის ტიპიკონის საფუძველზე.

 

საკვანძო სიტყვები: საქართველო; ორონტის ანტიოქია; ხელნაწერი; ისტორიული ურთიერთობები.

Publicado
2025-06-17
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია