სოფელ ვარიანის მოსახლეობა XIX საუკუნის პირველ ნახევარში

  • DAVID AKHLOURI ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველო http://orcid.org/0000-0002-1068-4042

Resumen

ნაშრომში საუბარია სოფელ ვარიანის მოსახლეობაზე მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში. მიმოხილულია სოფლის ისტორიულ- გეოგრაფიული გარემო, იქ არსებული გზები და მათი მნიშვნელობა როგორც შიდა ქართლის, ისე ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში.

ყურადღება ეთმობა ვარიანის შესახებ არსებულ პირველ ცნობებს, მოყოლებულს XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან; როგორც ცნობილია, 1656 წელს, ქართლის ბაგრატიონების უკანასკნელ წარმომადგენელს როსტომ მეფეს (იგივე ხოსრო მირზა, ქაიხოსრო ბატონიშვილი) მაჩაბლებისთვის ვარიანში მამული უბოძებია.

ვარიანის შესახებ მნიშვნელოვანია  ქართველ მეფეთა და ფეოდალთა სხვა განჩინებანი, ცნობილი ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილისა და გერმანელი მოგზაურის, პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიის ექსპედიციის მონაწილის იოჰან (ანტონ) გიულდენშტედტის „ჩანაწერები“.

ვარიანის მოსახლეობის შესახებ საყურადღებო ცნობებს შეიცავს 1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი, სადაც ვარიანი მოხსენიებულია საციციანოს ნაჰიეს გორის ლივაში. თურქული წყარო საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ სოფლის დემოგრაფიული და ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალური ურთიერთობები. ამ მხრივ ასევე აღსანიშნავია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების ქართლ-კახეთის სამეფოს აღწერა.

რაც შეეხება უშუალოდ მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ვარიანში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებას. საკითხის კვლევისას გაანალიზებულია 1804, 1818, 1831-1832 და 1841 წლების კამერალური და საეკლესიო აღწერების მონაცემები, სადაც იმ დროისთვის გლეხთა სხვადასხვა კატეგორიებს ვხვდებით: სახაზინო, საბატონო და საეკლესიო.

ისტორიულად ვარიანში ყმები ეკუთვნოდათ; მაჩაბლებს, ხერხეულიძეებს, ამილახვრებს, ერისთავებს, მაჩაბლების განაყარ ბორტიშვილებს და სხვა ფეოდალებს. აღწერაში ნაჩვენებია მებატონეთა და გლეხთა ურთიერთ დამოკიდებულება, გლეხთა საბატონო და ნასყიდი მიწების რაოდენობა, მამულებიდან მიღებული შემოსავალი პურისა და ღვინის სახით, შემოსავლის სხვა წყაროები.

როგორც ვიცით, ამ სოფლიდან გახლდათ დიდი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი. ნაშრომში გამოკვეთილია გოგებაშვილების ვარიანში დასახლების პერიოდი, ყურადღება ეთმობა მათ ადრინდელ საცხოვრისსაც.

წარსული შედარებულია თანამედროვეობასთან.

საკვანძო სიტყვები: ვარიანის მოსახლეობა; ფონდები; კამერალური სიები; კომლი; მაჩაბლები; საბატონო მამული; საბატონო; სახაზინო და საეკლესიო ყმები.

Publicado
2025-06-13
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია