დონ კრისტოფორო დე კასტელი _ საქართველოს ფერწერული მატიანის შემქმნელი
Resumen
დონ ქრისტოფორო დე კასტელის საქართველში მოღვაწეობა არ შემოიფარგლებოდა ერთი რომელიმე მიმართულებით. ერთი შეხედვით მისთვის თითქოს უმაღლესი მოვალეობა, როგორც მისიონერისა უნდა ყოფილიყო ღვთის სიტყვის ქადაგება და გავრცელება. მისი ერთგული სამსახური ადგილობრივი მოსახლეობისადმი, რაც მისი დანიშნულების წარმატებით დაგვირგვინებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიდა, იყო ის, რომ კასტელი იმავდროულად ყოფილიყო ფარმაცევტი და მკურნალი, პოლიტიკოსი და დიპლომატი, იბრძოდა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ, ხატავდა და ამშვენებდა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს, ზოგადად ეწეოდა მხატვრობას. ძნელია დავასახელოთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების რომელიმე მხარე, რომელიც არ აისახა მის ნახატებსა და ესკიზებში. დონ კრისტოფოროს მიერ დატოვილ წერილებს, ნახატებს და მათზე დართულ წარწერებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიის და, ზოგადად, კასტელის შემოქმედებით მემკვიდრეობას ქართული კულტურის შესასწავლად, რასაც დიდ ყურადღებას უთმობენ ქართველი მკვლევარ-მეცნიერები.
პალერმოს მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში (3Qქ E-92, E-93, E-94, E-95, E-96, E-97) ამჟამად დაცულია კასტელის ნახატების შვიდი ალბომი; რომის, ფლორენციისა და ნეაპოლის არქივებსა და ბიბლიოთეკებში ინახება მისი წერილები, სხვადასხვა ჩანაწერები, ხოლო ერთი რელაცია კი _ `მისია მრავალ ურწმუნო ქვეყანაში~, დაცულია სანტ ანდრეა დელა ვალეს თეატინელთა სახლის წიგნსაცავში (სხირტლაძე ზ., ჩიხლაძე მ., 2014). კარდინალი ანდრეა დელა ვალეთა ოჯახის საამაყო ნათესავი იყო. მისი სახელი ეწოდა რომის ერთ-ერთ ქუჩას და ეკლესიას _ „სანტ ანდრეა დელა ვალე“ (Pietro della Valle, 1892, v. 1). ეს წიგნთსაცავი იმ სახლში ხომ არ არის განთავსებული, რომელიც დონ პიეტრო დელა ვალემ გორის თეატინელთა მისიას აჩუქა? (ტაბაღუა, 1987: 137).
სხვადასხვა ჩანაწერები, თხზულებანი, ეთნოლოგიური და ისტორიული შინაარსის ათასზე მეტი ნახატი და ჩანახატი, დიზაინერის გარკვეული უნარის დემონსტრირებით, კასტელმა შეადგინა ერთგვარი ორიგინალური დღიური სურათებით, რომელიც ასახავდა მისი მისიონერული თავგადასავლების ეპიზოდებს, ყოველდღიური ცხოვრების სცენებს, თამაშებს, ატრაქციონებს, საყოფაცხოვრებო ნაგებობებს, ეკლესიებს და ციხესიმაგრეებს. შემდეგ არის სხვადასხვა სოფლების იერსახეების და მოსახლეობის საქმიანობის ამსახველი ნახატები; მან შექმნა ქართველი მთავრებისა და ცნობილი ისტორიული და უცნობი პერსონაჟების პორტრეტები. ნახატებში წარმოდგენილია სხვადასხვა ხალხების კოსტიუმები, და ბოლოს, არის ნახატების ჯგუფი, რომელიც ეხება რელიგიურ და ფანტასტიკურ თემებს (Luigi Cajani, 1978). მან ასეთი სამუშაო, მისივე გადმოცემით, შეასრულა პროპაგანდა ფიდეს წმინდა კონგრეგაციის დავალებით.
საკვანძო სიტყვები: კასტელი; ურბან VIII; კარავაჯო; სტეფანო დელა ბელა; საქართველო; თეიმურაზ I.











