სამცხე–ჯავახეთი და ბათუმის ოლქი „ყარსის მთავრობის“ გეგმებში
Resumen
პირველ მსოფლიო ომში ჩაბმულ სახელმწიფოებს საკუთარი ინტერესები გააჩნდათ. ცხადია, გამონაკლისი არც ოსმალეთის სახელმწიფო იყო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს 1977-1978 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება წარმოადგენდა. რუსეთში მომხდარი ჯერ თებერვლის რევოლუციის და შემდეგ ბოლშევიკური გადატრიალების შედეგად, ოსმალეთის სახელმწიფოს მესვეურებს დასახული მიზნების შესრულების შანსი გაუჩნდათ. 1917 წლის 5 (18) დეკემბერს დადებულმა ერზინჯანის დროებითმა ზავმა ოსმალეთს ბრესტ-ლიტოვსკში მიმდინარე მოლაპარაკებების მსვლელობაზე მეტი ყურადღების გადატანის საშუალება მისცა. სადაც, 2 (15) დეკემბერს ცენტრალურ სახელმწიფოებსა და საბჭოთა რუსეთს წარმომადგენლებს შორის დროებითი ზავი უკვე ხელმოწერილი იყო. 3 მარტის (ახ. სტ) ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობებმა ოსმალეთს კავკასიაში მოქმედების ფართო არეალი გაუხსნა, რაც კარგად გამოჩნდა ტრაპიზონისა და ბათუმის კონფერენციებზე. 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ზავის შედეგად ოსმალეთს გადაეცა ბათუმისა და ყარსის ოლქები, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები, სურამალი ნის მაზრა, ალექსანდროპოლისა და ეჩმიაძინის მაზრების სამი მეოთხედი, შარურ-დარალაგეზის მაზრის ერთი მეხუთედი და სხვა. ოსმალეთმა ყარსის, ბათუმის და არტაანის მხარეებში ჩაატარა რეფერენდუმი, რომლის შედეგებიც სამი სანჯაყიდან ჩასულმა დელეგაციამ სულთან მეჰმედ VI ვაჰიდედინს წარუდგინა და ამ ტერიტორიების ოსმალეთთან შეერთება მოითხოვა. სულთნის მიერ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა. რასთან დაკავშირებითაც სულთნის ოფიციალური რესკრიპტი გამოიცა. საქართველოს მთავრობამ აღნიშნული რეფერენდუმი გააპროტესტა და ოფიციალურადაც მიმართა ოსმალეთის არმიის მეთაურობას. თუმცა, მათი მხრიდან ეს პროტესტი იგნორირებულ იქნა.
ეს სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელებულა. ომში დამარცხებული ოსმალეთის მთავრობა იძულებული გახდა ბათუმის, ყარსის და არტაანის ოლქებთან ერთად დაკავებული ახალციხის და ახალქალაქის მხარეები დაეტოვებინა და საკუთარი ჯარები 1914 წლის რუსეთ-თურქეთის საზღვრის იქით გაეყვანა.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კავკასიის ფრონტის ოსმალეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ევაკუირებულ ტერიტორიებზე საკუთარი გავლენის შენარჩუნებას შეეცადა. მან მხარი დაუჭირა ქრისტიანებით და მუსლიმებით დასახლებულ ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე ოსმალეთის მომხრე ადგილობრივი „მთავრობების“ შექმნას. რასაც, შედეგად „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის რესპუბლიკის“ შექმნა მოჰყვა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს დემოკრატიული რსპუბლიკის ტერიტორიებიდან ბათუმის ოლქთან ერთად, ახალციხის და ახალქალაქის მაზრებიც მოიაზრებოდა. შექმნილმა ვითარებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და არაღიარებული სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის რესპუბლიკის სამხედრო შენაერთებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გამოიწვია. სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის რესპუბლიკასთან უფრო მეტად მძაფრი სამხედრო დაპირისპირება სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰქონდა. ინგლისელებს, რომელთა მანდატი კავკასიაზეც ვრცელდებოდა, სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის რესპუბლიკის არსებობა გარკვეული პერიოდი კიდეც აწყობდათ. საბოლოოდ, ინგლისის მმართველ წრეებში სომხეთის და ერთიანი რუსეთის მხარდაჭერის იდეამ გაიმარჯვა, რასაც ინგლისელთა მიერ სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის რესპუბლიკის ლიკვიდაცია მოჰყვა.
მიზანი: ნაშრომის მიზანია, სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის რესპუბლიკის მთავრობის და საქართველოს დემოკრატიულ მთავრობასთან მისი ურთიერთობის ისტორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა ენაზე გამოცემული ლიტერატურისა და წყაროების მიმოხილვის, ანალიზის და შეჯერების საფუძველზე წარმოჩენილ იქნას 1918 წლის ბოლოსა და 1919 წლის პირველ მეოთხედში სამხრეთ - დასავლეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და მიღებული შედეგები. რაც, მხარის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს მომხდარის კრიტიკული შეფასების საშუალებას მისცემს.
საკვანძო სიტყვები: საქართველო; თურქეთი; სამცხე-ჯავახეთი; ბათუმის ოლქი; ყარსის მთავრობა,











