მიხეილ გორბაჩოვის რელიგიური პოლიტიკა (1985-1991 წწ.)
Resumen
სტატიაში განხილულია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცკ-ის გენერალური მდივნის და შემდგომში პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის მმართველობა და მისი რელიგიური პოლიტიკა, ძირითადი მიზნები და ასპექტები, „რელიგიური პერესტროიკა“ და მისი შედეგები.
მ. გორბაჩოვის რელიგიური პოლიტიკა, მისი მმართველობის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ტენდენციებით ხასიათდებოდა და თითოეული მათგანი უაღრესად საინტერესოა. კვლევის საფუძველზე, მას პირობითად, სამ ეტაპად ვყოფთ:
I ეტაპი (1985-1986 წწ.) - მოქმედი ხელისუფლება აგრძელებს წინამორბედთა კურსს რელიგიის სფეროში. რელიგია კვლავ კომუნისტური პარტიის ოპონენტად აღიქმება და მიმდინარეობს მისი დევნა.
II ეტაპი (1987 -1988 წწ.) – მ. გორბაჩოვი იწყებს ე.წ. „გარდაქმნას“, რაც თავისთავად, აისახა რელიგიის სფეროზე, თუმცა, სეგრეგაციული სახით. კერძოდ, პოზიტიური ცვლილებები შეეხო ძირითადად საბჭოთა კავშირის მთავარ - რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ხოლო არარუსულ და არამართლმადიდებლურ ეკლესიებს კვლ
ავ შეზღუდულ პირობებში უწევდათ არსებობა.
III ეტაპი (1988 - 1991 წწ.) – დასავლური სამყაროს და კონკრეტულად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ვატიკანის გავლენით, რელიგიური პერესტროიკა“ გავრცელდა საბჭოთა კავშირში მოქმედ სხვა ქრისტიანულ (კათოლიკურ და პროტესტანტულ) ეკლესიებზეც.
ნაშრომში გაშუქებული გვაქვს თავად „რელიგიური გარდაქმნის“ ძირითადი მიმართულებები და ეტაპებიც. ასე, მაგალითად: თუ კი საწყის ეტაპზე იგი რელიგიური ნიშნით რეპრესირებულთა რეაბილიტაციას, დისკრედიტაციის შეწყვეტას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ეკლესია-მონასტრების დაბრუნებას და სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა, მომდევნო ეტაპზე იწყება არამართლმადიდებლურ თემებთან ურთიერთობის დარეგულირება. თუმცა, ეს ყოველივე რელიგიური ორგანიზაციებისა თუ მორწმუნე საზოგადოებისთვის არ ქმნიდა უსაფრთხო მოღვაწეობის გარანტიებს, ვინაიდან ცვლილებები არ იყო შესული საბჭოთა კავშირის საკანონმდებლო ბაზაში. „რელიგიური პერესტროიკის“ ბოლო ეტაპი სწორედ საკანონმდებლო ცვლილებებით აღინიშნა, როდესაც მიღებულ იქნა კანონები სინდისისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ.
ბუნებრივია, ჩვენს ნაშრომს არ აქვს საკითხის ამოწურვის პრეტენზია, თუმცა, ვფიქრობთ, მოცემული გამოკვლევა ხელს შეუწყობს საბჭოთა წარსულის, რელიგიური პოლიტიკისა თუ ეკლესიის ისტორიის მიმართულებით კვლევების შემდგომ განვითარებას.
საკვანძო სიტყვები: საბჭოთა კავშირი; მიხეილ გორბაჩოვი; რელიგია; პოლიტიკა; „პერესტროიკა“; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია; აშშ; ვატიკანი.











