ელინური პოლისის ბრწყინვალება და მისი დაცემის იდეოლოგიური მიზეზები

  • NUGZAR ABRAMISHVILI ფილოსოფიის დოქტორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გორი, ჭავჭავაძის ქ.,53,1400, საქართველო http://orcid.org/0000-0001-5858-7906
  • DAVID AKHLOURI ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძისქ., №53,1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-1068-4042

Resumen

ანტიკური ხანის ცნობილ მკვლვართა მიერ აღიარებულ, დიადი ელინური კულტურის, ,,ელინური საოცრების“ წარმომქმნელ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: ა) ელინთა განსაკუთრებული ნიჭიერება; მოჭარბებული რაციონალიზმი და ინტელექტუალიზმი, გენიალური ინტუიცია,  აქტიური სასიცოცხლო ენერგია და ამოუწურავი ცნობისმოყვარეობა; ბ) მოცალეობა, თავისუფალი დრო; გ)ბერძნების განსაკუთრებული მობილურობა; დ) შეჯიბრის სულისკვეთება, ე.წ. ,,აგონალური  სული“; ე) პოლისი, პოლისური ცხოვრების წესი; წარმოდგენილ სტატიაში დაემატა ელინური სულის გამორჩეული თვისება, გასაოცარი- ესთეტიზმი, რომელმაც შთანთქა ძველი ბერძნული კულტურის  ყველა სფერო: მითოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, მეცნიერება, აღზრდა-განათლების სისტემა და თვით პოლიტიკაც კი (ელინი პოლისსაც ესთეტიკურად აღიქვამდა და ტკბებოდა მისი მშვენიერებით) და პითაგორას ფაქტორი, რომელმაც ელინური სულის ამ თვისების საოცარი რაციონალიზაცია განახორციელა.  ასევე ,,ელინური საოცრების“, როგორც გამოვლენად, ისე მის წარმომქმნელ ფაქტორად მივიჩნევთ განათლება-აღზრდის სისტემას, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ელინური კულტურის ქმნადობის საქმეში და რა თქმა უნდა პოლისი, გასაოცარი კულტურული ფენომენი, თავისი სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურებით, ღირებულებათა სისტემით და ცხოვრების წესით.   პოლისით უნდა აიხსნას ანტიკური ელადის ბედი, მისი ბრწყინვალებაც და დაცემაც. ძვ. წ. აღ. IV საუკუნეში ელინურმა პოლისმა შეწყვიტა არსებობა. მისი დაცემის მიზეზები პოლიტიკურიც იყო. ჯერ პელოპონესის ომმა და მისმა შედეგებმა - ზნედაცემულობამ, ტირანიამ და ეკონომიკის ნგრევამ, შემდეგ კი მაკედონელთა ლაშქრობებმა სასიკვდილო ლახვარი ჩასცეს ბერძნულ ქალაქ სახელმწიფოებს, მაგრამ, ყოველი ისტორიული ეპოქის, ყოველი ცივილიზაციის დასაბამსა  და დასასრულს რელიგიური და ფილოსოფიური იდეები განსაზღვრავენ და საბედისწერო როლს ასრულებენ. პოლისის საფუძვლების შერყევასა და მოშლაში მთავარი ბრალი მიუძღვის სამ    სააზროვნო ნაკადს: ორფიზმს, როგორც რელიგიურ-ფილოსოფიურ მოძღვრებას, ნატურფილოსოფიას და სოფისტურ მოძრაობას. ორფიზმმა იმის მტკიცებით გამოუთხარა ძირი პოლისს, რომ რელიგია ადამიანის ინდივიდუალური სულის ხსნაზე უნდა ზრუნავდეს და არა სახელმწიფოს წინაშე მის მოვალეობაზეო; ნატურფილოსოფიას ის დასკვნა აქცევდა სახიფათოდ, რომ ჰომეროსის ღმერთები არ არსებობენ, ისინი ადამიანის წარმოსახვის ნაყოფნი არიანო, სოფისტები კი იმის  მტკიცებით-კანონებს არავითარი ღვთაებრივი წარმომავლობა არა აქვთ, ისინი ადამიანის მიერ   არიან შექმნილნი და ადამიანის ნებითვე ადვილად შეიძლება მათი გაუქმებაო.

 

საკვანძო სიტყვები: მითოსი, ფილოსოფია, ხელოვნება, მეცნიერება, კოსმოსი, პოლისი, ესთეტიზმი, რაციონალიზმი, სოფიზმი, ორფიზმი, ნატურფილოსოფია.

Publicado
2024-12-27
Sección
სამეცნიერო სტატიები - მსოფლიო ისტორიის სექცია (ძველი ისტორია)