ნეპი-ს საბჭოთა ექსპერიმენტი და საქართველო (1921-1928 წწ.)

  • OTAR JANELIDZE ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი საქართველო, გორი, აღმაშენებლის გამზ. #53 http://orcid.org/0000-0003-0132-4341

Resumen

კომუნისტურმა ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირში არაერთი სოციალური ექსპერიმენტი წამოიწყო (ახალი ადამიანის აღზრდის, საბჭოთა ხალხის შექმნისა და სხვ.), მათ შორის პირველი ახალი ეკონომიკური პოლიტიკა – ნეპ-ი იყო, რომელიც 1921 წლიდან 7-8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ნეპ-ი შეზღუდულ ფარგლებში საბაზრო ურთიერთობის დაშვებას, წვრილ და არარენტაბელურ საწარმოთა კერძო პირებისა და კოოპერატივებისათვის იჯარით გადაცემას, კონცესიების პრაქტიკასა და სხვ. ითვალისწინებდა.

ნეპ-ი არ ყოფილა სოციალ-ეკონომიკური განვითარების ბუნებრივი პროცესი, იგი საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეჟიმის შენარჩუნება-განმტკიცების მიზნით წამოწყებული დროებითი და მართვადი პოლიტიკა იყო, რომელიც 1921 წლიდანვე ახლად დაპყრობილ და გასაბჭოებულ საქართველოშიც ხორციელდებოდა. პირველ რიგში დაიწყო მიწისა და წარმოება-დაწესებულებათა ნაციონალიზაცია, რომელსაც სახელმწიფო დაეპატრონა.

ნეპ-ი საქართველოსათვის სიახლეს არ წარმოადგენდა. იგი ფაქტობრივად, 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული პოლიტიკის გაგრძელება იყო, ოღონდ შეცვლილი და ერთობ სპეციფიკური ფორმით. ნეპ-მა დააჩქარა მსუბუქი მრეწველობის, პირველ რიგში იმ დარგების აღმავლობა, რომლებიც ადგილობრივ ნედლეულს მოიხმარდნენ. ამასთან, წარმოიშვა ფასების დისბალანსი, ე. წ. ფასების მაკრატელი, რაც საწარმოო პროდუქციის ღირებულების ხელოვნურმა გაზრდამ და სოფლის მეურნეობის ნაწარმზე ფასების შემცირებამ გამოიწვია.

ბოლშევიკებმა ბურჟუაზიის წარმომადგენლები, მდიდარი და შეძლებული ადამიანები შინაურ მტრებად, კერძო კაპიტალი კი კანონგარეშე გამოაცხადეს და ქვეყანაში „ექსპროპრიატორთა ექსპროპრიაცია“ წაახალისეს. გლეხები მასობრივად ერეკებოდნენ თავადაზნაურებს თავიანთი მამულებიდან, ხოლო მათი სახლები და სხვა შენობები საზოგადოებრივ საკუთრებად ცხადდებოდა. ქალაქებში რეკვიზიციასა და კონფისკაციას თავად ხელისუფლება მიმართავდა. მეპატრონეებს ფაბრიკა-ქარხნები ჩამოართვეს, ოღონდ იჯარით სარგებლობის უფლება დაუტოვეს. ხილეული წყლების ცნობილი სპეციალისტი, ბიზნესმენი მ. ლაღიძე თავის ყოფილ საწარმოში მხოლოდ სპეციალისტად დანიშნეს.

1925 წელს, მოსკოვში, საბჭოთა ხელისუფლებასა და ამერიკელ მრეწველს ა. ჰარიმანს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ჭიათურის მანგანუმის საბადოს 20 წლით კონცესიის შესახებ. ქართული პოლიტიკური ემიგრაცია გადაჭრით დაუპირისპირდა ეროვნული ქონების ამგვარ გასხვისებას, რომლის შემოსავალი არა საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის ბიუჯეტში შედიოდა და მკვეთრად დაგმო იგი.

ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას სიახლე სოციალურ ურთიერთობებშიც შეჰქონდა. წარმოიშვნენ ე. წ. „ნეპმანები” ან „სოვბურები” (советские буржуа), – წვრილი მეწარმეები და კერძო ვაჭრები. მათი უფლებრივი კომპეტენცია მკაცრად იყო შეზღუდული: ნეპმანს არ გააჩნდა სოციალური სტატუსი, საარჩევნო ხმა და არ სარგებლობდა პოლიტიკური უფლებით. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისაგან ასევე, გარიყული იყვნენ კულაკები, – იგივე მესაკუთრე, შეძლებული გლეხები, რომლებიც იყენებდნენ დაქირავებულ შრომას ან ეწეოდნენ ვაჭრობას.

ხელისუფლება ნეპმანთა კატეგორიას ეჭვით უყურებდა, „მტაცებელ კაპიტალისტებს“, „ექსპლუატატორებს“, „კლასობრივ მტრებს“ უწოდებდა, ავიწროებდა და დევნიდა მათ. კომუნისტური იდეოლოგია ამკვიდრებდა აზრს, რომ კერძო მეწარმეობა და კერძო ვაჭრობა არაორგანულია საბჭოთა მოქალაქეებისათვის, რომლებიც აშენებენ ნათელ მომავალს – სოციალიზმსა და კომუნიზმს.

ნეპ-ით განპირობებულ ეკონომიკის ერთგვარ ლიბერალიზაციას პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიზაცია არც საქართველოში მოჰყოლია. ბოლშევიკურ პარტიაში აიკრძალა ფრაქციულობა, დაუშვებელი გახდა პლურალიზმი და მრავალპარტიულობა. რეჟიმმა უპირველესი შეტევა ანტისაბჭოთა პარტიებზე მიიტანა და მათთან იდეოლოგიური დაპირისპირების პარალელურად, გეზი დათრგუნვის პოლიტიკაზე აიღო. მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალების დასაშლელად და გასანადგურებლად ფართოდ გამოიყენებოდა „გახრწნის“, – შიგნიდან ძირის გამოთხრისა და „თვითლიკვიდაციის“  მეთოდები. მიმართავდნენ ცალკეულ პოლიტიკურ ლიდერთა დაპატიმრების, გადასახლებისა და სამშობლოდან გაძევების პრაქტიკას. 1923 წელს საქართველოს მემარცხენე ესერთა ორგანიზაცია ბოლშევიკურ პარტიას შეუერთდა, საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა (მენშევიკური) მუშათა, მემარჯვენე ფედერალისტთა და ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიებმა, ხელისუფლების ზეწოლით, თვითლიკვიდაცია გამოაცხადეს, თუმცა არსებობა არ შეუწყვეტიათ და საქმიანობა იატაკქვეშეთში გააგრძელეს. მათი პოლიტიკური ხელმძღვანელობით, 1924 წლის აგვისტოში მოეწყო ფართო ანტისაბჭოთა აჯანყება.

ნეპ-ი საბჭოთა კავშირში, და მათ შორის საქართველოში, ოფიციალურად არ აუკრძალავთ, მაგრამ სახალხო მეურნეობის ხუთწლიან გეგმებზე, ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციის კურსზე გადასვლის გამო, იგი ფაქტობრივად, შეწყდა.

სტატიაში ემპირული მასალის ანალიზის საფუძველზე, ნაჩვენებია ნეპ-ით განპირობებული ცვლილებები საქართველოს მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკურ ცხოვრებასა და ტრადიციულ ყოფაში.

საკვანძო სიტყვები: საბჭოთა კავშირი; საქართველო; ახალი ეკონომიკური პოლიტიკა; ნეპმანი; კონცესიები.

Publicado
2024-12-20
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია