ფულადი მიმოქცევა ქართლ-კახეთის სამეფოში (1744-1801 წწ.)

  • IRAKLI PAGHAVA ისტორიის დოქტორი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, გ. წერეთლის 4, საქართველო http://orcid.org/0000-0003-0962-6221

Resumen

           ნაშრომის მიზანი - ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე სხვადასხვა საფასის მიმოქცევის კვლევაა. საკვლევ მასალას წარმოადგენს მონეტარული პირველწყაროები (ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი, სამეფოს არსებობის პერიოდში ტეზავრირებული ცალკეული მონეტები თუ, უპირატესად, სამონეტო კომპლექსები); და წერილობითი პირველწყაროები (უცხოელ დამკვირვებელთა ცნობები; ქართლ-კახეთის სამეფოს დროინდელი ქართული სახელმწიფო და კერძო საბუთები). მონეტარული პირველწყაროებიდან აღსანიშნავია ორი ახალი, აქამდე გამოუქვეყნებელი სამონეტო განძი; მოყვანილია ზოგადი ინფორმაცია მათი შემადგენლობის შესახებ. ფულადი მიმოქცევა ქართლ-კახეთის სამეფოში განხილულია სამონეტო  ლითონებისდა მიხედვით, ცალ-ცალკე ოქროსთვის, ვერცხლისთვის, და სპილენძისთვის. პარალელურად განხილულია და შეჯერებულია ამა თუ იმ ლითონისგან დამზადებული მონეტების შემცველი, ცნობაში მოყვანილი სამონეტო კომპლექსები; ასევე, შესაბამისი ლითონის მონეტებზე ცნობების შემცველი წერილობითი პირველწყაროები. დადგინდა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს ეკონომიკაში წარმოდგენილი ფულადი მასა არ იყო ერთგვაროვანი; იგულისხმება არა მარტო მისი მატერიალური სუბსტრატი - მონეტების ფიზიკური მახასიათებლები, არამედ ფულის სხვადასხვა სახეობათა განსხვავებული ბუნება, განსხვავებული ეკონომიკური ფუნქცია. რეგიონის ტრადიციებისა და რეალიებიდან გამომდინარე, ბაზრისთვის საკრედიტო ფული მეტ-ნაკლებად მიუღებელი აღმოჩნდა; ხელისუფლებას უჭირდა მოსახლეობისთვის დაეძალებინა თუნდაც ნახევრად-საკრედიტო სპილენძის მონეტების მსხვილი ნომინალების მიღება. სპილენძი მხოლოდ დამხმარე როლს თამაშობდა, მეტწილად წვრილ გარიგებებს ემსახურებოდა; ხელისუფლება აწარმოებდა სპილენძის ფულის პერიოდულ რენოვაციასაც; ეს ყოველივე აკნინებდა მის როლს და ხელს უშლიდა მის ტეზავრაციას. მსხვილ გარიგებებში მონაწილეობდა სრულფასოვანი, სრული შინაგანი ღირებულების მქონე ვერცხლისა და ოქროს საფასე. თუმცა, მათი სტატუსი განსხვავებული იყო. ქართლ-კახეთის სამეფო ვერცხლის მონომეტალიზმის ქვეყანას წარმოადგენდა, (მეტწილად იმპორტირებული) ოქროს მონეტა კი უფრო საქონელ-საფასეს წარმოადგენდა, რომელსაც არ ჰქონდა სტაბილური და დაკანონებული ღირებულება. ქართლ-კახეთის სამეფოს ვერცხლის მონომეტალიზმი ჯერ სხვადასხვა ტიპისა და წარმომავლობის, როგორც თბილურ, ასევე შემოტანილ ვერცხლის მონეტებზე იყო დაფუძნებული; სამონეტო ბაზარი ღია იყო. ირაკლი II-ის მიერ ჩატარებული რეფორმის სირმა ვერცხლის შემოღებისთანავე კი ის დაიხურა - იმპორტირებულმა ვერცხლის მონეტებმა დაკარგეს კანონიერი საფასის სტატუსი და საქონელ-ფულად იქცნენ.

 

საკვანძო სიტყვები: ქართლ-კახეთის სამეფო; სამონეტო ბაზარი; ფულადი მიმოქცევა; ვერცხლის მონომეტალიზმი; საქონელ-ფული; საკრედიტო საფასე;

Publicado
2024-07-01
Sección
სამეცნიერო სტატიები - ნუმიზმატიკის სექცია