ისტორიული „ბასიანის“ რეგიონის სატაძრო ხუროთმოძღვრების რამდენიმე ნიმუში

  • TEIMURAZ KHUTSISHVILI მათემატიკის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი თბილისი, პაატა სააკაძის ქ., #1, 0102, საქართველო http://orcid.org/0009-0005-6287-3020
  • NODAR ARONISHIDZE გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი თბილისი, ათონელი ქ., #9, 0105, საქართველო http://orcid.org/0009-0001-3706-7925

Resumen

ისტორიული ბასიანის რეგიონი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ნაშთებით - გვხვდება, როგორც წინაქრისტიანული ხანის მეგალითური კულტურის ძეგლები ისე შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები, აბანოები, თურბეები და საკულტო დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ნაგებობები. წინამდებარე წერილის კვლევის მთავარ თემას სწორედ ბასიანის რეგიონის სატაძრო ხუროთმოძღვრება წარმოადგენს. მოკლედ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეგიონში საეკლესიო მშენებლობა  წარმოდგენილია, როგორც არქიტექტურული ობიექტების, ისე კლდეში ნაკვეთი კომპლექსების სახით, თუმცა მათი ერთმანეთის პარალელურად კვლევა, განსხვავებული სპეციფიკის გათვალისწინებით, შეუძლებელია. ამდენად, წინამდებარე წერილი მოიცავს ბასიანის რეგიონის სამი არქიტექტურული ძეგლის კვლევას - მათ კომპარატივისტულ ანალიზს, მხატვრულ-სტილისტური ნიშნებისა და არქიტექტურული მახასიათებლების გამოკვეთას, ისტროიული კონტექსტის ანალიზს და უშუალოდ ნაგებობათა დათარიღებას.

            აღსანიშნავია, რომ სატაძრო არქიტექტურის, ჩვენ მიერ განხილული, ყველა ძეგლი თითქმის სრულადაა განადგურებული და გარდამავალი დაცულობით ხასიათდება, რაც ძლიერ ართულებს კვლევის პროცესს - შესაბამისად, მყარი სამეცნიერო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, წერილის ფარგლებში შესაძლებელი გახდა თავმოყრილი მასალის გარკვეული დაჯგუფება, სტილისტური მახასიათებლების გამოყოფა, კონფესიური კუთვნილების დადგენა და ძეგლთა დათარიღება.

            საველე-საექსპედიციო სამუშაოების განმავლობაში შესწავლილი რამდენიმე ათეული ნაგებობიდან, მხოლოდ სამი საეკლესიო ხუროთმოძღვრების ძეგლის გამორჩევა გახდა შესაძლებელი, რომელთა გეგმარებითი კომპოზიცია და არქიტექტურული მახასიათებლები მეტ-ნაკლებად მაინც წაკითხვადია. ჩვენ მიერ შერჩეული ყველა ძეგლი გუმბათოვანი არქიტექტურის ნიმუშია და მათი აგების დროითი დიაპაზონი VII-XI საუკუნეებია. რამდენიმე ნაშთი იმდენად დაზიანებულია, რომ მათი კონკრეტული ტიპოლოგიის გარჩევაც კი შეუძლებელია, თუმცა არსებული ფრაგმენტების, მცირე ნაშთებისა და ზოგადპროპორციული ანალიზის მიხედვით, გარკვეული დასკვნების გამოტანა მაინც ხერხდება.

            საკვანძო სიტყვები: ხელოვნების ისტორია; არქეოლოგია; ისტორია; არქიტექტურა; საკულტო ხუროთმოძღვრება; ბასიანის რეგიონი;

Publicado
2024-07-01
Sección
სამეცნიერო სტატიები - ხელოვნების ისტორია